ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელთან სამოქმედო სტრატეგია განიხილა

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორთან გერჰარდ შაუმბერგერთან აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები , მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

როგორც  ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მომდევნო წლებში ავსტრიის განვითარების სააგენტოს სტრატეგიის განხილვას, რომლის მომზადებაც წელსაა დაგეგმილი. სააგენტოს პრიორიტეტებს საქართველოში წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა.

ავსტრიის განვითარების სააგენტო, გრანტის სახით, ამ ეტაპზე ახორციელებს 10 პროექტს, რომელთა მოცულობა დაახლოებით 10 მლნ ევროა, ხოლო დასრულებულია დაახლოებით 4,5 მილიონი ევროს მოცულობის 25 პროექტი (მათ შორის, საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებთა მხარდაჭერა, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობა, გენდერი).