თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პარლამენტში ინიცირებული თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტის მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა.
პრესკონფერენცია თემაზე ”საქართველო თამბაქოს გარეშე” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიებაზე ერთ-ერთ ძირითად თემად თამბაქოს კონტროლის საკითხებზე მრავალსექტორული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა, მათი სურვილია, რომ კანონპროექტის განხილვა და საქართველოში თამბაქოსგან თავისუფალი სივრცის შექმნა დროულად მოხდეს.
”აღნიშნული ღონისძიების თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარება სიმბოლურია, რადგან უკვე რამდენიმე წელია უნივერსიტეტი სრულიად თავისუფალია თამბაქოს კვამლისგან. ჩვენ ამას მივაღწიეთ. წელიწადში დაახლოებით 10 000 ადამიანი კვდება თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან ჩვენს პატარა ქვეყანაში. გვინდა რომ დროულად გათავისუფლდეს, რადგან ამას მიაღწიეს ისეთმა ქვეყნებმა, სადაც დემოკრატიის ხარისხი და საზოგადოების განვითარების დონე ბევრად დაბალია, ვიდრე საქართველოში. ეს მიუღწეველი გახდა საქართველოში, რადგან საზოგადოებისგან არ არის ამის კეთილი ნება. თამბაქო ძალზე მავნებელია და 21-ე საუკუნეში საქართველო, სამწუხაროდ, განეკუთვნება ისეთ ქვეყნებს, სადაც ეწევიან რესტორანში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებშიც კი”, - აღნიშნა ზურაბ ვადაჭკორიამ და დასძინა, რომ რეგულაციების კიდევ უფრო მეტად გამკაცრების მომხრეა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ვალერი კვარაცხელიას ინფორმაციით, სტატისტიკა ძალიან ცუდია.
”მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში პრემიერის ხელმძღვანელობით სპეციალური კომისიაც კი შეიქმნა, გარკვეული ღონისძიებები გატარდა, (მაგალითად აქციზზე ფასის მომატება) ჩვენს ქვეყანაში მწეველების რაოდენობა მაინც მატულობს, რაც ნამდვილად საგანგაშოა. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ მწეველების რაოდენობა მატულობს როგორც ახალგაზრდებში, ქალბატონებში. ამიტომ, გარკვეული ღონისძიებები სასწრაფოდ გასატარებელია. კანონი, რომელიც დღეს პარლამენტშია წარდგენილი, თავის თავში საკმაოდ ბევრ ცვლილებას მოიცავს. მიმაჩნია, რომ ეს კანონი სასწრაფოდ მისაღებია”, - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.
ღონისძიებაზე პრეზენტაციით წარსდგა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, რომელმაც თამბაქოს მოხმარების კუთხით არსებული ვითარება მიმოიხილა და თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. პრესკონფერენციას ასევე დაესწრნენ გაერო-ს განვითარების პროგრამისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს მოხმარების ტვირთის შეფასების საერთაშორისო მისიის წევრები. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და სტუდენტები.
”უკვე მე-19 წელია 29 მარტს აღინიშნება დღე - ”საქართველო თამბაქოს გარეშე”. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ გვაქვს ძალიან სუსტი კანონმდებლობა, რომელიც ვერ იცავს ჩვენს მოქალაქეებს პასიური მწეველობისგან, ვერ ახდენს მწეველების მოტივირებას, რომ მოწევას თავი დაანებონ და ვერ იცავს ახალგაზრდებს, რომ მოწევის დაწყება ნაკლებად მოუნდეთ. 19 წლის წინ რომ მიღებულიყო კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დღეს განიხილება, საქართველოს მოსახლეობა 3 750 000-ის ნაცვლად, 4 მილიონზე მეტი იქნებოდა. ეს ცალსახად მეტყველებს, თუ რამხელა პრობლემას გვიქმნის საქართველოში თამბაქოს მოხმარების არსებული დონე”, - განაცხადა ”თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელმა კახა ღვინიანიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების გამო დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად. დაახლოებით 600 000 ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი კი, ე.წ. პასიური მწეველობაა. პასიური მწეველობით დაღუპულთა 31% ბავშვებზე, ხოლო 64% ქალებზე მოდის.
თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით საქართველოში ყოველწლიურად 9 000-დან 11 000-მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის, 3 000 პასიური მოწევის მსხვერპლი და 300 ბავშვია.