„რეზონანსი" - საქონლის ქურდობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მკვეთრად მოიმატა

მთელი ქვეყნის მასშტაბით მსხვილფეხა საქონლის ქურდობა ძალიან გახშირდა. მოსახლეობა ამ ფაქტს ხორცის გაძვირებას უკავშირებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტებიც ადასტურებენ, რომ გლეხები გასაჭირში არიან და სამართალდამცველებისგან ყურადღების გამახვილებას ითხოვენ.

პრობლემაა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. მარნეულის რაიონის სოფელ თამარისის მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თამარისსა და მიმდებარე სოფლებში იმატა საქონლის მოპარვის შემთხვევებმა.

"თებერვლიდან გახშირდა საქონლის ქურდობა. მივმართეთ გამგეობას, შს სამინისტროს, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ. მას შემდეგ, რაც ცოცხალი პირუტყვის ფასმა მოიმატა, რამდენიმე ოჯახს მოპარეს საქონელი. თამარისის გარდა, ეს პრობლემა სხვა სოფლებსაც აწუხებს. ვითხოვთ დახმარებას. ზარალი ძალიან დიდია, რამდენიმე ათას ლარს აღწევს და ჩვენ ყველაფრის გარეშე ვრჩებით", - განაცხადა სოფლის მკვიდრმა გურამ ცხადარიამ.

საქონლის დაკარგვის ფაქტს ადასტურებენ მარნეულის გამგეობაში. როგორც "ინტერპრესნიუსს" მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, საქონლის დაკარგვის პირველი შემთხვევა თებერვალში მოხდა, როდესაც საძოვრიდან 5 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაიკარგა, ბოლო შემთხვევა კი მარტში მოხდა.

უარესი მდგომარეობაა ყვარლის რაიონში. 14 ძროხა დურმიშხან გოჩიტაშვილს მოპარეს, 3 ბოჩოლა მზია მარტიაშვილს, 1 ძროხა და 2 ინდაური დიმიტრი კოჭლამაზაშვილს, 2 ძროხა თამაზ პავლიაშვილს, 7 ცხენი ოთარ ოთარაშვილს, თითო-თითო ცხენი გიგა შაშიაშვილსა და ბესო გვიმლაძეს, 2 ცხენი ზაურ თაღორაშვილს, 24 ღორი თენგიზ ასაბაშვილს - ქურდობის ყველა ეს ფაქტი ყვარლის ორ სოფელში მოხდა.

იმავე სოფლებში გასული წლის ბოლოს საქონელი და ფრინველი მოპარეს დიმიტრი კოჭლამაზაშვილს, თამაზ პავლიაშვილს და სხვებს. დაზარალებულებმა პოლიციას ქურდობის ყველა ფაქტის შესახებ შეატყობინეს. მათი თქმით, ყვარლის რაიონში საქონელს მასობრივად იპარავენ.

საქონლის ქურდობას ბაზარზე ხორცის გაძვირებას უკავშირებს არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის ფერმერის" ხელმძღვანელი მიხეილ ჭიჭაყუა. ის "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრობლემები რეალურია და აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება.

"არის რამდენიმე შემთხვევა და ეს უდავოდ საყურადღებოა. არ გამოვრიცხავ, მსხვილფეხა საქონლის ქურდობა ხორცის გაძვირებას უკავშირდებოდეს. ამ ფონზე ვიღაც ცდილობს, სხვისი საკუთრების მითვისებით სარგებელი ნახოს. მსგავსი შემთხვევები მოხდა როგორც ლილოს დასახლებაში, ასევე საქართველოს რამდენიმე სოფელში. ჯერჯერობით ვერ მიაკვლიეს მოპარულ ძროხებს", - განაცხადა ჭიჭაყუამ.

1 თვის წინ საქონლის ქურდობის შემთხვევა იყო სოფელ გლდანში, რის შემდეგაც მაისაძეების ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა. "რეზონანსთან" საუბრისას ეთერ მაისაძე აღნიშნავს, რომ მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო მაღაზიებში ჩაბარებული რძის ნაწარმია, თუმცა ბოლო ორი თვეა, ამას ვეღარ ახერხებს.

"არ ვიცი, რამ გამოიწვია საქონლის ქურდობა, თუმცა ვიღაცას რისკის გაწევა უღირს. ამ ზამთარს მეც დავაზარალდი, რადგან მომპარეს სამი ძროხა, ჩემი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. სოფელ გლდანში ვცხოვრობ და ახლო მდებარე ტერიტორიებზე, მაღაზიებში ვაბარებდი რძის ნაწარმს. სურვილის შემთხვევაში მიმქონდა უშუალოდ მოსახლეობასთან. თავი ამით გაგვქონდა. ახლა კი სრულიად უსახსროდ დავრჩით მეც და ჩემი ოჯახიც, თანაც არასრულწლოვანი ბავშვები გვყავს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მაისაძემ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"