რუსული მედია შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ეხმაურება. სტატიას ამ თემაზე აქვეყნებს რადიო „სპუტნიკი“. გთავაზობთ სტატიის თარგმანს.
„ალბათ, საქართველოს წარმატება ახლა ყველაზე მეტად, ყოველგვარი შურის გარეშე უკრაინას უნდა უხაროდეს. მაგრამ არ გაუხარდებათ. ჯერ ერთი, უკრაინას საქართველომ გადაასწრო და ეს ასე თუ ისე უსიამოვნო მომენტია. მეორეც, ახლა ქართველების ევროპაში ქცევაზე იქნება დამოკიდებული, მოინდომებს თუ არა ევროკავშირი საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინელების ხილვას. თუმცა, რით ჩამოუვარდებიან უკრაინელები ქართველებს? ყველაფერი, რაც კი აუცილებელია უვიზო რეჟიმისთვის, უკრაინელებს აქვთ - აგრესიული რუსეთი მეზობლად, გადაულახავი შიდა პრობლემები და ქვეყნიდან გაქცევის სურვილი.
მაგრამ ბრიუსელში სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. ”დაიცავით რიგი, ძაღლისშვილებო”, - როგორც ამბობდა მიხეილ ბულგაკოვის ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი, რომელსაც ცოტა ხნით ადამიანივით ცხოვრების შესაძლებლობა მიეცა. თუმცა მან ძალიან ცოტა ხანს იცოცხლა.
და აი, ასეთი შესაძლებლობა ქართველებსაც მიეცათ. მართალია, მათ წინაშე არა მთელი მსოფლიო და არა მუდმივად, მაგრამ 26 ქვეყნის საზღვარი და 6 თვის მანძილზე 90 დღით გაიღო.
მაგრამ არანაირი სამუშაო. შესაძლოა, ქართველებს სურთ კიდეც რამე სამსახურის შოვნა, მაგრამ ეს აკრძალულია. დაინახავენ ევროპელები რომელიმე ქართველს ცოცხით ხელში და ამ ცოცხითვე გამოაგდებენ. რაღა რჩება? ექსკურსიები, მუზეუმები, თეატრები და სხვა სასიამოვნო დაწესებულებები.
ამ ღია კარის დღის ფართოდ და მასობრივად აღნიშვნა საქართველომ ჯერ კიდევ შაბათს დაიწყო. ამ მოვლენას თბილისში ”ისტორიული გამარჯვება” უწოდეს. უხაროდათ ისე, რომ კინაღამ შეეშალათ, თუ ვინ უნდა გაემგზავროს ევროპაში. იცოდნენ, რომ პირველმა უვიზოდ საზღვარი პრემიერმა კვირიკაშვილმა და მისმა დელეგაციამ უნდა გადაკვეთოს. მიმართულების არჩევა მარტივი იყო - ანბანის მიხედვით. ჯერ ათენი, შემდეგ ბრიუსელი.
მოკლედ, დაიძრა საქართველო ევროკავშირისკენ. თუმცა, იმის საშიშროება, რომ ქვეყნის მთელი მოსახლეობა ევროპაში აღმოჩნდება, არ არის. უვიზო უფასოს როდი ნიშნავს. ლიბერალიცაზიის შემდეგაც კი მესაზღვარეებს მკაცრი მოთხოვნები აქვთ - უკან დასაბრუნებელი ბილეთი და მინიმუმ 50 ევრო ყოველდღიური ხარჯებისთვის. საქართველოში ასეთ თანხას ზოგი თვეშიც კი ვერ იღებს. მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა...
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მადლობა კი სადღეგრძელოს წააგავს: ”საქართველო იბრუნებს საკუთარ ადგილს ევროპულ საზოგადოებაში”. ოღონდ, იმ პირობით, რომ დიდხანს არ გაჩერდება. ამიტომ, როგორც საპასუხო სადღეგრძელოში ევროპელები იტყვიან - დაე საქართველომ, რაოდენ შორსაც არ შევიდეს ის ევროკავშირში, არასდროს დაივიწყოს, რომ მას მხოლოდ 90 დღე აქვს. ევროპაში მოხვედრა ხომ უკრაინასაც სურს", - წერს სტატიის ავტორი მიხეილ შეინკმანი.