გიორგი გახარია კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მხარს არ უჭერს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას, რომელიც აქციზის გარდა ნებისმიერი გადასახადის შემოღებას ან აწევას რეფერენდუმის გზით ითვალისწინებს, მხარს არ უჭერს. ამის შესახებ გახარიამ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ერთ-ერთი განსახილველი თემა აღნიშნული საკითხი იყო. აღნიშნული მუხლის ამოღებას ეწინააღმდეგება ბიზნესსექტორიც.

”ჩემი პირადი პოზიცია არის, რომ ამ ჩანაწერის ამოღება შესაძლოა არაერთგვაროვნად იყოს აღქმული ინვესტორებისთვის. ჩვენ ვართ სწრაფი ეკონომიკური განვითარების ეტაპზე, გვაქვს ამბიციური გეგმები ეკონომიკასთან მიმართებაში. ჩვენი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამ ჭრილში მიმაჩნია, რომ დღევანდელ სიტუაციაში მსგავსი ჩანაწერის ამოღება არ იქნება სწორი და იქნება რისკის შემცველი”, - განაცხადა გახარიამ.

”თბილისი მარიოტში” ეკონომიკის მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მეწარმეებს ირაკლი კობახიძემ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.