მილიარდერი, რომელმაც ქვეითს გზა არ დაუთმო, 77 000 ევროთი დააჯარიმეს

ჰელსინკის სასამართლომ ფინელი მილიარდერი ანტი ილმარი აარნიო-ვიჰურის 77 808 ევროთი დააჯარიმა იმის გამო, რომ ავტომობილის მართვისას ქვეითს გზა არ დაუთმო.

როგორც მილიარდერმა სასამართლოში განაცხადა, დამუხრუჭება ვერ მოასწრო. თუმცა, მოსამართლემ მისი არგუმენტი არ გაითვალისწინა. აარნიო-ვიჰურის ადვოკატმა ჯარიმის მოცულობა გააპროტესტა და მისი შემცირება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ პროტესტი არ მიიღო და დამრღვევ მძღოლს ჯარიმის 12 დღეში გადახდა დააკისრა.

77 წლის აარნიო-ვიჰურის ეკუთვნის კომპანია „ვიჰური გრუპ“, რომელიც უკვე ასი წელია მუშაობს. საქმიანობის მთავარი სფერო საბითუმო კომერციაა. გარდა ამისა, კომპანია დაფასოების, სამშენებლო და საავიაციო ბიზნესებითაც არის დაკავებული. ფინელი ბიზნესმენი არის კანადურ დამფასოებელ კომპანია „ვინპაკის“ უმსხვილესი აქციონერი.  ფინელი მილიარდერის ქონება  1.7 მილიარდ ევროდაა შეფასებული.

ფინეთში საგზაო ინციდენტების ჯარიმების სისტემა, დამრღვევის შემოსავლების შესაბამისად განისაზღვრება. პოლიციის ვებგვერდზე არის სპეციალური კალკულატორი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დარღვევის ჯარიმის გამოთვლა. კალკულატორი დამრღვევის ყოველთვიურ შემოსავალს ითვალისწინებს.

წყარო autobild.ge