თბილისის გენგეგმის მიხედვით გამწვანება ერთ სულ მოსახლეზე 10 კვადრატულ მეტრამდე უნდა გაიზარდოს და უნდა მოხდეს მდინარის სანაპიროების ევროპული მოდელით ათვისება, რაც ქალაქში რეკრეაციული ზონების გაჩენას ხელს შეუწყობს.
როგორც რადიო „პალიტრის” გადაცემა ”საქმეში” თბილისის გენგეგმის ერთ-ერთმა ავტორმა, კომპანია "სიტი ინსტიტუტი საქართველოს" დირექტორმა, ურბანისტმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა, საერთო სარგებლობის გამწვანების ტერიტორიები ერთ სულ მოსახლეზე 3-4 კვადრატულ მეტრზეა გადანაწილებული, რაც ძალიან ცუდი შედეგია.
”იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ, გამწვანება არის მხოლოდ 5%. რაც შეეხება გამწვანებულ ტერიტორიებს, პირველ რიგში, დიღმის ჭალები, მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, იქ მტკვარი ბუნებრივ კალაპოტში მოედინება, ასეთი ადგილები სამწუხაროდ აღარ გვაქვს იმიტომ, რომ ჯებირები არის ბეტონის და მტკვარი ქალაქის მთელ ტერიტორიაზე მოედინება. იქ, სადაც არის ბუნებრივი, ის უნდა შევინარჩუნოთ და განაშენიანებისგან მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი და ეს ტერიტორიები როგორც რეკრეცია და როგორც საპარკო ზონები, ისე უნდა დავტოვოთ”, - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ გადაცემა „საქმეში“.
ურბანისტმა მცირე მდინარეების სანაპიროების გახნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომლებიც ბეტონის კონსტრუქციებშია მოქცეული და ქალაქში რეკრეაციულ ზონებს კარგავს.
”იქ, სადაც შესაძლებელი იქნება, აუცილებლად მიგვაჩნია მცირე მდინარეების სანაპიროების გახსნა. ამის ძალიან კარგი მაგალითია ლეღვთახევი, რომელიც დასვენებისა და რეკრეაციის ზონად გადაიქცა. ძალიან კარგი იქნება თუ მსგავსი რამ სხვა ადგილებშიც მოეწყობა, მაგალითად მდინარე გლდანულასთან, დიღმულასთან, ან გლდანის ხევში, თემქის ხევში. თემქის ხევზე ჩვენ თბილისის მერიას 10 ჰექტრამდე პარკის გაშენება შევთავაზეთ და მათ ძალიან მოიწონეს ეს წინადადება. იმედი მაქვს, რომ ეს განხორციელდება”, - განაცხადა ურბანისტმა მამუკა სალუქვაძემ ”რადიო პალიტრას” გადაცემა ”საქმეში”.
მისივე თქმით, თბილისში ახალი პარკი 60-იანი წლების შემდეგ არ გაშენებულა.