საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

4-7 აპრილს საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

მასშტაბურ ღონისძიებას ორგანიზებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია უწევს.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან იუწყებიან, ევროპისა და აზიის მთის კურორტების მე-3 კონფერენციას „ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის“ 300-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი. კონფერენციის მონაწილეები მთელი წლის განმავლობაში სეზონის გახანგძლივებისა და სამთო კურორტების განვითარების შესახებ იმსჯელებენ. განიხილავენ ახალი ბაზრების დივერსიფიკაციას, გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას. საუბარი შეეხება კლიმატის ცვლილებებს. შეხვედრაზე განიხილება ინოვაციური მეთოდების გამოყენების საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს სამთო კურორტების პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე განიხილავენ გამოწვევებს, რომელიც გარემოს, სტრუქტურულ და მარკეტინგულ სფეროებს უკავშირდება. კონფერენციის ფარგლებში იმსჯელებენ სამთო კურორტების ეკონომიკური პოტენციალის შესახებ, რათა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა სამთო ტურიზმის სფეროში და გაუმჯობესდეს სოციალური მდგომარეობა. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ სამთო ტურიზმის კულტურის განვითარების პერსპექტივებს, ასევე ინვესტიციების სტიმულირებისათვის სამთო კურორტებზე ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბების საკითხებს,

ღონისძიების ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას ხელი გიორგი ჩოგოვაძემ და ტალიბ რიფაიმ ლონდონში 2016 წელს მოაწერეს.