ტრამპმა  ხელფასის სახით მიღებული 78 333 დოლარი აშშ-ის ეროვნული პარკების სამსახურს გადაურიცხა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 იანვრიდან დარიცხული ხელფასი - 78 333 აშშ დოლარი აშშ-ის ეროვნულ საპარკო სამსახურს გადაურიცხა.

აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა.

„პრეზიდენტი ამაყობს იმით, რომ ამ წლის პირველი კვარტლის ანაზღაურება ეროვნულ საპარკო სამსახურს გადასცა. აქ არის თითოეული პენი, რომელიც პრეზიდენტმა მიიღო“, - აღნიშნა შონ სპაისერმა შინაგან საქმთა მდივნისთვის რაიან ზინკისთვის ჩეკის გადაცემისას.

აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივანმა რაიან ზინკემ აღნიშნა, რომ ეს თანხა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება.

აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა აღნიშნული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

„პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს ფული სასარგებლოდ დაიხარჯება, განსაკუთრებით როდესაც საუბარია ისტორიული ბრძოლების ადგილების აღდგენაზე“, - თქვა შონ სპაისერმა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა ხელფასზე, რაც წელიწადში 400 ათასს აშშ დოლარს შეადგენს. მისი თქმით, ეს თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.