მამუკა ჩიქოვანი - ქუთაისის აეროპორტის სულისჩამდგმელი გიორგი კანდელაკია, ამ იდეის განმახორციელებელს ივანიშვილი არამიზნობრივ ხარჯებში ადანაშაულებდა

ქუთაისის აეროპორტის სულისჩამდგმელი, შემქმნელი და მშენებელი, აქ ზის დარბაზში - გიორგი კანდელაკი, ამ იდეის განმახორციელებლებს ბიძინა ივანიშვილი დამნაშავეს უწოდებდა, არამიზნობრივ ხარჯებში ადანაშაულებდა , - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა მამუკა ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ის საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კობა ნარჩემაშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც ქუთაისის აეროპორტსა და ზოგადად, ქალაქის განვითარებაზე ისაუბრა.

გარდა ამისა, მამუკა ჩიქოვანი თვითმმართველობის რეფორმის შესაძლო ცვლილებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დიდი დრო არ არის გასული, რაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ამ დარბაზში მსხდომთა უმრავლესობამ მიიღო თვითმმართველობის კანონში ცვლილებები და მას დღემდე წარმატებულ რეფორმად მოიხსენიებენ.

„არ გესმოდათ 2014 წელს, არც ახლა აპირებთ მოსმენას, არ გაითვალისწინეთ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის შენიშვნები და საბოლოოდ მიიღეთ, რომ თქვენმა ე.წ. რეფორმამ ვერ უზრუნველყო რეალურად ხალხისთვის ძალაუფლების გადაცემა, პირდაპირი წესით არჩეული მერის დამოუკიდებლობა და თვითმმართველი ქალაქის შესაბამისი ძალაუფლებითა და ფინანსებით აღჭურვა. ერთადერთი შედეგი, რა მივიღეთ, არის ბიუროკრატიის უკონტროლო ზრდა და გაქურდული გადასახადის გადამხდელი. ნაცვლად იმისა, რომ აუცილებელი სისტემური რეფორმა გატარდეს და ძალაუფლების ცენტრი მოსახლეობასთან ახლოს გადავიდეს, ხელისუფლება ახლა აპირებს მერის არჩევნების გაუქმებას და საერთოდ, უარს ამბობს არჩევითობაზე. სოფელში, თემში, ქალაქში ხელისუფლების განხორციელებაში მონაწილეობის მარტივი და ეფექტური მოდელის გარეშე, საქართველო ვერასდროს გახდება შემდგარი დემოკრატია. 2012 წელს თქვენს მიერ გაცემული დაპირების მიუხედავად, დეცენტრალიზაციის ნაცვლად, თქვენ მიდიხართ ცენტრალური ძალაუფლების გაძლიერების გზით, არჩევითობის გაუქმებას ადგილებზე ასაბუთებთ ხარჯების შემცირების აუცილებლობით. თუ ხარჯების შემცირება გსურთ, გააუქმეთ უსარგებლო ა(ა)იპ-ები. თუ აუცილებლობა მოითხოვს, მსგავს ფუნქციებს ეფექტურად შეასრულებს კერძო სექტორი. თუ ხარჯების შემცირება გსურთ, გააუქმეთ ის უსარგებლო პროექტები, რომლითაც ბიუჯეტი გაქვთ გამოტენილი, მოახდინეთ გუბერნატორის ინსტიტუტის რეფორმირება“, - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.