ფილმებში თამბაქოს მოწევის ამსახველი კადრები შესაძლოა დაიფაროს

ფილმებში თამბაქოს მოწევის ამსახველი კადრების დაფარვის აუცილებლობა შეიძლება გაჩნდეს. ალტერნატივად განიხილება, რომ ფილმები, სადაც მოწევა იქნება ასახული, 18-წლამდე შეზღუდვის ფილმებში, ისეთ დროს გავიდეს, როცა მას მოზარდები არ უყურებენ.

ამის თაობაზე პარლამენტში, ”თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტის ფარგლებში მსჯელობენ. ამასთან, როგორც პროექტის ინიციატორმა გუგული მაღრაძემ აღნიშნა, საკითხი ამ მიმართულებით მეორე მოსმენით განხილვისას გადაწყდება, მანამდე კი, კარგად იქნება აწონილ-დაწონილი, თუ რა იქნება ზიანის მომტანი და რა - ეფექტის მომცემი.

პარლამენტი პირველი მოსმენით ”თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტს იხილავს. კანონპროექტთა პაკეტის მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე. ასევე, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაციის სხვა ფორმები, თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგება, თამბაქოს რეალიზაცია გზის სავალ ნაწილზე - ე.წ. დრაივი.

ცვლილების მიხედვით, თამბაქოს კოლოფებზე გაიზრდება სამედიცინო გაფრთხილების ზომა და დატანილი იქნება პიქტოგრამებიც. ასევე, დარეგულირდება ელექტრონული სიგარეტის საკითხი.

Movies with smoking scenes might be censored in Georgia