„რეზონანსი" - მძღოლებს მგზავრობის გაძვირება სურთ, ავტოსადგურებს - შენარჩუნება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ გაძვირდება, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ავტოსადგურების მეპატრონეები.

ისინი პირობას ყოველ წელს იძლევიან, მაგრამ უშუალოდ დღესასწაულების წინ რეგიონებში წამსვლელები ბილეთში მაინც მაღალ ფასს იხდიან. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ბოლო წლებში სატრანსპორტო სფეროში კონკურენცია მკვეთრად გაიზარდა.

ავტოსადგურების მფლობელთა უმეტესობა სააღდგომოდ მგზავრობის გაძვირებას გამორიცხავს. ამის მიზეზად კი მაღალ კონკურენციას ასახელებენ. მიუხედავად საწვავის ფასის მკვეთრი ცვლილებისა, ყველა ცდილობს, მგზავრები არ დააფრთხოს. დიდუბის ავტოსადგურის მეპატრონე ნესტორ მიქატაძე ამბობს, რომ კონკურენცია იმდენად მაღალია, ტარიფის ზრდა ამ შემთხვევაში შეცდომადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

"დიდუბის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი საქალაქთაშორისო მიკროავტობუსი იყრის თავს. მგზავრი იმას აირჩევს, რომელიც იაფი ღირს, შესაბამისად, ვერც სააღდგომო პერიოდი მაიძულებს გაძვირებას, რადგან ასე კლიენტებს დავკარგავ. ზოგადად წლის დასაწყისიდან ფასების მკვეთრი ცვლილება არც მომხდარა. თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, მაგალითად, მკვეთრად არ მოიმატა საწვავის ფასმა, დღევანდელი მდგომარეობა შენარჩუნდება", - განუცხადა "რეზონანსს" ნესტორ მიქატაძემ.

ავტოსადგურებში აცხადებენ, რომ საწვავის გაძვირების შემდეგ მოთხოვნამ ცოტათი მოიმატა კიდეც, რადგან ვისაც სახლში მანქანა ჰყავს, არ უღირს დიდი ფულის დახარჯვა გზაში და საქალაქთაშორისო ტრანსპორტს იყენებს გადასაადგილებლად. ამ ყველაფერს ემატება მაღალი კონკურენციაც, რომელი ავტოსადგურიც უფრო დაბალ ტარიფს შესთავაზებს მომხმარებელს, სწორედ იმ კომპანიას ეყოლება მეტი მგზავრი.

სხვათა შორის, კონკურენციას ამძაფრებს რეგიონებისკენ მოძრავი პატარა მანქანები, ე. წ. მინივინები, რომელთაც საკმაოდ ჰყავს მომხმარებელი. ეს ყველაფერი კი პირდაპირ აისახება ავტოსადგურებსა და იქ მომუშავე მძღოლებზე. ისინი კლიენტებს იზიდავენ და "სადგურამდე არ უშვებენ".

ალიკა ქუფარაშვილი ავტოსადგურ "ტრანსქველის" მეპატრონეა. იგი ამბობს, რომ იყო დრო, როდესაც დღესასწაულებზე ფასები იზრდებოდა, მაგრამ წელს აღარ მოხდება, რადგან ხალხს ისედაც უჭირს და სატრანსპორტო სფეროში კონკურენციაც ძალიან მაღალია.

"სხვა ავტოსადგურებზე რომ აღარაფერი ვთქვა, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი "ბავშვთა სამყაროს" წინ დგანან პატარა მანქანები, რომლებიც ზუსტად იმავე მიმართულებით დადიან, როგორც ჩვენ. გვართმევენ კლიენტებს, რადგან ფასი იდენტური აქვთ. ეს ძალიან ცუდია. მე ვარ კომპანიის მეპატრონე, რომელიც იხდის ყველანაირ გადასახადს. თუ მე 10 ლარს ვაწესებ ტარიფს, მასაც 10 ლარი არ უნდა ჰქონდეს, ან უნდა იხდიდეს ისიც გადასახადს.

ფასის გაზრდაზე საუბარი უაზრობაა, დაკლების საშუალება რომ იყოს, პირიქით, დავაკლებდით. არც მომავალში იგეგმება ცვლილება, უბრალოდ, არ გამოდის ასე", - განაცხადა "ტრანსქველის" მეპატრონემ "რეზონანსთან" საუბრისას.

როგორც მძღოლებისა და ავტოსადგურების მეპატრონეების საუბრიდან გაირკვა, მთავარი ფაქტორი ფასების შენარჩუნების კონკურენციაა. მძღოლების უმრავლესობა ამ ყველაფერს არ ეთანხმება, თუმცა სხვა გამოსავალი რეალურად არც არის და კომპანიები, რომლებიც ტარიფს გაზრდიან, კლიენტების გარეშე დარჩებიან.

ბადრი რობაქიძე ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს ავტობუსის მძღოლად. იგი "რეზონანსთან" ადასტურებს, რომ ბილეთები ცოტათი მაინც გაძვირდება. წინასააღდგომო პერიოდში ამ ფაქტს ყოველთვის უარყოფენ ავტოსადგურების მეპატრონეები, თუმცა უშუალოდ დღესასწაულზე 2 ლარით მაინც იმატებს ტარიფი.

"ყოველთვის ასე იყო, იზრდება ახალ წელს და აღდგომას 2 ლარით მაინც. რთულია, ოჯახს მოწყდე და მთელი დღე გზაზე იყო გამოკიდებული, უნდა გიღირდეს და თუნდაც ცოტათი მეტი მოგება გრჩებოდეს. სხვაგვარად, უბრალოდ, არ გამოდის. ხალხისაც მესმის, ყველას გვაქვს ოჯახი, მაგრამ რას ვიზამთ, მძღოლებსაც სჭირდებათ ასეთ დროს ოჯახში ყოფნა და თუ ვმუშაობთ, უნდა გვიღირდეს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ბადრი რობაქიძემ.

შარშანდელ წინასააღდგომო პერიოდთან შედარებით, წელს რეგიონების მიმართულებით მოძრავი ავტომობილების რაოდენობა ნაკლებია. მგზავრთა დიდი უმრავლესობა შორ მანძილზე მგზავრობას მაღალი ხარჯის გამო ერიდება. საწვავის ფასი მოქალაქეებს საკუთარი მანქანებით მგზავრობის ფუფუნების საშუალებას ჯერაც არ აძლევს. შესაბამისად, მგზავრთა რაოდენობა სადღესასწაულო დღეებში მკვეთრად მოიმატებს. ამიტომ მძღოლები ფიქრობენ, რომ მინიმუმ 2-3 ლარით უნდა გაძვირდეს ტარიფი, რომ ღირდეს განუწყვეტლივ რეისების შესრულება.

მანუჩარ უგრეხელიძე თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრაობს და ამტკიცებს, რომ დღესასწაულების პერიოდში აუცილებელიც კი არის ტარიფის ზრდა:

"ყველა ოჯახისთვის დღესასწაულია და ამ დროს მე მთელ დღეს მუშაობაში ვატარებ. იმის ღირსი არ ვარ, რომ თუნდაც 2 ლარით მეტი მოგება დამრჩეს? კლიენტისთვისაც არ იქნება პრობლემა, რადგან სადღესასწაულო მომსახურებაა და 2 ლარის დამატება არაფერს წყვეტს მათთვის", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მანუჩარ უგრეხელიძემ.

თეო გუდავაძე

გაზეთი "რეზონანსი"