საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი პრეზიდენტს ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში პარტნიორობას სთავაზობს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პრეზიდენტს ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში პარტნიორობას სთავაზობს. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ, პარლამენტში პრეზიდენტის წლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბარქაძემ აღნიშნა, შესაძლოა ეკონომიკა პრეზიდენტის პირდაპირი მანდატი არაა, თუმცა უმცირესობის ლიდერის თქმით, 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ორივე კანდიდატს ხმა მისცეს იმ ადამიანებმა, ვინც ამჟამინდელმა ეკონომიკურმა ვითარებამ ყველაზე მეტად დააზიანა.

”ვწუხვარ, რომ ამ დებატს მთავრობა აღარ ესწრება. მთავრობა ძალიან სწრაფად დაუბრუნდა საკუთარ ვირტუალურ სამყაროს. იმ სამყაროს, სადაც დღეს მთავარი პრობლემაა სამთავრობო ქალაქის მშენებლობა და ახალი კაბინეტების მოწყობა, იმ სამყაროს, სადაც ადამიანებს ჯიბეები აქვთ გამოზნექილი ფულის ბღუჯების ტარებით. ვწუხვარ, რომ მთავრობა თავის სამყაროში დაბრუნდა, რადგან ამით ზიანდება საქართველოს თითოეული მოქალაქე. როდესაც მინისტრები საუბრობენ იმაზე, რომ თქვენს გამოსვლაში არ იყო კონკრეტიკა, მინდა ვთქვა - კონკრეტიკა იყო ჩემი კოლეგების გამოსვლაში. ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით სოფლებში დაბრუნდა შევარდნაძისდროინდელი სიღატაკე. ეს არის უბედური, ტრაგიკული რეალობა, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიქმნა. შეიძლება ეკონომიკა თქვენი პირადპირი მანდატი არ არის ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ ეს არის ის ცვლილება, რასაც ხალხი ელოდება თქვენგანაც და ჩვენგანაც, რადგან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, თქვენც და მეც ხმა მოგვცეს ამ ადამიანებმა და ეს ადამიანები არიან დღეს საფრთხეში - შიშით ელოდებიან ზაფხულს, როდესაც გაიზრდება გაზის საფასური. შიშით ელოდებიან მომავალს, რადგან არავინ იცის როგორი იქნება ლარის კურსი და შეძლებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას”, - განაცხადა დავით ბქარაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, ”ევროპულ საქართველოს” აქვს კონკრეტული ინიციატივები, თუ როგორ დაეხმაროს მცირე ბიზნესს და დაიწყოს ზრუნვა ეკონომიკის განვითარებაზე.

”სამწუხაროდ უმრავლესობა არ არის მზად, რომ მოისმინოს და იმსჯელოს ჩვენს მიერ შეთავაზებულ პაკეტზე, ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ ამ ტრიბუნიდან, ბატონო პრეზიდენტო, თანამშრომლობა იმ მთავარ თემაზე, რაც აწუხებს ჩვენს ხალხს - უმუშევრობაზე, სიღარიბეზე და გაჭირვებაზე. მინდა შემოგთავაზოთ თანამშრომლობა, რომ ერთად შევძლოთ და გადავდგათ ქვეყანაში ნაბიჯები, რომელიც ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობას ოდნავ მაინც გააუმჯობესებს”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.