ახალი თანამშრომლობა ტექნოლოგიური განათლებისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობის მიზნით

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და ახლად დაფუძნებული ,,საქართველოს ბიზნეს ანგელოზების ასოციაცია’’ თანამშრომლობას იწყებენ. პარტნიორობის მიზანი საქართველოში ტექნოლოგიური განათლების პოპულარიზაცია, მისი ხელმისაწვდომობის გაზრდა და ინოვაციური ბიზნეს იდეების კომერციალიზაციის ხელშეწყობაა.

,,ტექნოლოგიურ ეპოქაში ქვეყნის წინსვლის წინაპირობა სწორედ ტექნოლოგიების განვითარებაა. შესაბამისად, ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ საჭიროა, ავამოქმედოთ ქვეყანაში არსებული ყველა შესაძლებლობა, რომ ერთობლივად გავზარდოთ ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობა. პროექტის ფარგლებში მოხდება ინოვაციური პროექტების განხორციელების სტიმულირება, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ქვეყანაში,’’ - აღნიშნა ”ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის” რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ”საქართველოს ბიზნეს ანგელოზების ასოციაციის” მონაწილეობით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე შემუშავდება პრე-აქსელერატორის პროგრამა, რომელიც დაინტერესებულ პირებს უფასოდ დაეხმარება სტარტაპ პროექტების განხორციელებასა და საჭირო დაფინანსების მოპოვებაში.

”ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, რომ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამები უნივერსიტეტის სტუდენტებთან დავაახლოვოთ, მეტად ჩავრთოთ სტუდენტები ჩვენს კონკურსებში, პროგრამებში, მათ შორის ”სტარტაპ საქართველოში”, ტექნოპარკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. უშუალოდ პრე-აქსელერატორის პროგრამის მიზანია, რომ სხვადასხვა სტარტაპ კონკურსებისთვის უკეთესად მოვამზადოთ სტუდენტები უნივერსიტეტშივე. ტრენინგების, მენტორშიპისა და სემინარების ფარგლებში მათ სტარტაპ იდეების განვითარებასა და პოტენციურ ინვესტორებთან წარდგენაში დავეხმარებით,” - განაცხადა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კინწურაშვილმა.

კიდევ ერთი მხარე, რომელიც ამ პარტნიორობაშია ჩართული ,,საქართველოს ბიზნეს ანგელოზების ასოციაციაა’’. ასოციაცია საქართველოში ახლა ყალიბდება, თუმცა მისი ქსელი კარგად არის განვითარებული ევროპის ბევრ ქვეყანასა და აშშ-ში. ასოციაციის საქმიანობის მთავარი მიზანია ინოვაციური სტარტაპების დაკავშირება ანგელოზების ქსელებთან, ისევე, როგორც კავშირების მოძებნა სხვა ქვეყნებში.

”ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ინოვაციური სტარტაპების კომერციალიზაციაში დაგვეხმარება, რადგან სწორედ ეს არის ადგილი, სადაც ინოვაციური იდეები ყალიბდება. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ასოციაციას უნივერსიტეტის ბაზაზე წვდომა გვექნება და საინტერესო იდეების მქონე ახალგაზრდებს მარტივად დავუკავშირდებით,” - აღნიშნა ,,საქართველოს ბიზნეს ანგელოზების ასოციაციის’’ აღმასრულებელმა დირექტორმა თინათინ სტამბოლიშვილმა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ,,საქართველოს ბიზნეს ანგელოზების ასოციაციის’’ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორი სტარტს უახლოეს მომავალში აიღებს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უნივერსიტეტის ელექტრონულ პორტალზე აპრილის შუა რიცხვებიდან გამოცხადდება.