“დარიალი ჰესი” რამდენიმე თვეა სატესტო რეჟიმში მუშაობს

ჰიდროელექტროსადგური “დარიალი ჰესი” რამდენიმე თვეა სატესტო რეჟიმში მუშაობს. დღეს კი ოფიციალურად შევიდა ექსპლუატაციაში.

ამის შესახებ “დარიალი ჰესის” მშენებელი კომპანიის შპს “ფერის” დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჰესი უნიკალურია იმ მხრივ, რომ მისი სრული ინფრასტრუქტურა მიწის ქვეშ მდებარეობს და გარდა ამისა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდია.

“ვულოცავ მთელ საქართველოს და განსაკუთრებით ქართულ ენერგეტიკას ამ წარმატებას, ჰესი უნიკალურია გამომდინარე იქედან, რომ მისი სრული ინფრასტრუქტურა განთავსებულია მიწის ქვეშ და გარედან თითქმის უხილავია, გარდა ერთი კვანძისა, რომელიც სათავე ნაგებობაა. “დარიალი ჰესის” სიმძლავრე 108 მგვტ-ია, ხოლო გამომუშავება 520 მილიონი კილოვატი საათში, რაც არის ჩვენი ქვეყნის მოხმარების დაახლოებით 5%. მთლიანად გამომუშავება მიმართულია შიდა ბაზარზე”, - განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.

მისივე თქმით, შპს “ფერი” პანკისის ხეობაში 3 ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობაზე მუშაობს და ასევე გურიასა და რაჭაში აშენებს ჰიდროელექტროსადგურებს.

ყაზბეგში “დარიალი ჰესი” საზეიმოდ გაიხსნა, ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.

პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, ჰესის მშენებლობის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკაში 123 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. ჰესს ოპერირებას 70 ადამიანი გაუწევს, მათგან 80% ადგილობრივი მოსახლეობაა.