გავრცელებული ინფორმაციით ”აუთდორჯი“ ”ალმა +”-მა იყიდა

გარე რეკლამის ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში „აუთდორჯიში“ მენჯმენტის ცვლილებაზე „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა. მენეჯმენტის ცვლილების მიზეზი კი გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვა გახდა.

„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, „აუთდორჯი“ გარე რეკლამის ბაზრის კიდევ ერთმა მსხვილმა კომპანიამ „ალმა +“-მა შეიძინა.

სარეკლამო ბაზრის  შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2016 წლის ანგარიშის მიხედვით გარე რეკლამის ბაზარზე ორი წამყვანი კომპანია ფუნქციონირებს: „ალმა“ და Outdoor.ge. შესაბამისად, „ალმასა“ და „აუთდორჯის“ გაერთიანებით, გარე რეკლამის ბაზარზე ფაქტობრივი მონოპოლისტი იქმნება.

ამავე ანგარიშის მიხედვით, „ალმა“ Global Investors Limited-ის საკუთრებაა (მალტა). ამასთან, Wissol Group-ის ვებგვერდზე სარეკლამო კომპანია „ალმა“ როგორც ჰოლდინგის ნაწილი ისე ფიგურირებს.

„ვისოლ ჯგუფის“ უკანასკნელი ხელმისაწვდომი წლიური ანგარიშის (2013) მიხედვით, ჯგუფის საბოლოო აქციონერები ლევან და სამსონ ფხაკაძეები, ნუგზარ აბრამიშვილი და Silkroad Group-ის (სასტუმრო „რედისონი“, “სილქნეტი”) აქციონერები არიან. კომპანიის საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელი შეიქნა იმის დადგენა, თუ კერძოდ რა კავშირები არსებობს, ერთი მხრივ, Global Investors Limited-სა და, მეორე მხრივ,Wissol Group-სა და მის აქციონერებს შორის,“-ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება „აუთდორჯის“, კომპანიაში მენეჯმენტის ცვლილებას  საჯარო რეესტრის 2017 წლის 9 მარტის ამონაწერი ადასტურებს, რომლის თანახმადაც კომპანიის დირექტორი ტარიელ ჩოჩიშვილი გახდა.

კომპანია „აუთდორჯი“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის სახელთან იყო დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებისა და ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, კეზერაშვილმა კომპანია და მისი სხვა ბიზნესები, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს დავით იაკობაშვილს მიყიდა. აღნიშნულ ინფორმაციას იმ პერიოდში თავად კეზერაშვილი და იაკობაშვილი ადასტურებდნენ. მაგრამ საკუთრების ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებით არ დაფიქსირებულა.

რეესტრის მონაცემებით, „აუთდორჯის“ ერთ-ერთი მთავარი, 70%-იანი წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანია Adprojects-ია. რაც შეეხება სხვა მფლობელებს, 20%-ს შპს „სამკუთხედი“; 10%-ს კი შპს „ჯეოტეკი“ ფლობს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ჯეოტეკის“ 100%-იანი წილის მფლობელი ასევე ოფშორული კომპანია Adprojects არის.