„რეზონანსი" - საწვავის გაიაფებაზე ფიქრი წარსულს ჩაბარდა

საქართველოში საწვავის გაიაფების ტენდენცია გამოირიცხა. საერთაშორისო ბაზრებზე ფასი ლამის ყოველდღიურად მატულობს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ბოლო ორ კვირაში ნავთობპროდუქტები 12%-ით არის გაძვირებული. მიუხედავად ასეთი ტენდენციისა, ადგილობრივ ბაზარზე საფასო პოლიტიკა არ შეცვლილა. იმპორტიორებს ლარის კურსმა მისცა შესაძლებლობა, ამ ეტაპზე შედარებით დაბალი ფასი შეენარჩუნებინათ.

ბაზარზე ჯერ კიდევ არსებობს შედარებით ნაკლებ ფასში შემოტანილი პროდუქტის ნაშთი. ადგილობრივ მომხმარებელს საწვავი უახლოეს პერიოდში არ გაუძვირდება, მაგრამ გაიაფებაზე საუბარი კარგა ხნით გადაიდო.

ბოლო პერიოდში უცხოურ ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ღირებულებამ 70 დოლარით მოიმატა. "პლატცის" მიხედვით, 1 ტონა ბენზინი ამჟამად 570 დოლარის ფარგლებშია, ხოლო დიზელი - 492 დოლარის დიაპაზონში.

უცნაურია, რომ საერთაშორისო ბირჟებზე საწვავის გაძვირება დოლარის გამყარების პარალელურად მიმდინარეობს, რაც, როგორც წესი, არ ხდება ხოლმე. სპეციალისტების შეფასებით, ფასზე გავლენა პოლიტიკურმა მდგომარეობამ მოახდინა, კერძოდ, სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა.

რაც შეეხება ნავთობპროდუქტების ფასს საქართველოში, ჩვენთან ჯერჯრეობით სტაბილურობაა. ამ ეტაპზე "სოკარის" ქსელში "სუპერი" 2.44 ლარი ღირს, "პრემიუმი" 2.31 ლარად იყიდება. "ევრორეგულარის" ფასი 2.11 ლარია. "ლუკოილის" ქსელში "ევროსუპერი" 2.34 ლარი ღირს, "ევრორეგულარის" ფასი 2.04 ლარია და ამდენივე ღირს ევროდიზელიც.

იმპორტიორები არ გამორიცხავენ, რომ საწვავის გაძვირება გარკვეული პერიოდის შემდეგ ადგილობრივ ბაზარზეც აისახოს, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში არსებული ფასების შენარჩუნება სავსებით შესაძლებელია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელ ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, პოლიტიკური პროცესის გარდა, საერთაშორისო ფასზე გარკვეული გავლენა ლიბიის მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებამაც მოახდინა.

"საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მატება სირიაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან არის დაკავშირებული. ამასთან, სერიოზული გავლენა იქონია ლიბიის გადაწყვეტილებამაც, რაც მოპოვების შემცირებას უკავშირდება. ლიბია გახლავთ ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა და მან მოპოვება საკმაოდ შეამცირა. ამ ორმა პოცესმა განაპირობა ის, რომ საწვავი გაძვირდა. ამიტომ გარკვეულ პერიოდში ფასმა დაიწყო ზრდა.

როდესაც ფასი მატულობს საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის კურსი მცირდება, თუმცა ამ კონკრეტულ პერიოდში ჩვენ არ გვაქვს ასეთი რეალობა. შეიძლება ითქვას, 2017 წლის განმავლობაში ნავთობის ფასი იყო არაპროგნოზირებადი.

ამჟამად 1 ბარელი ნავთობი 56 დოლარის ფარგლებში მერყეობს. საწვავის ღირებულება 2 თვის წინანდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა. დაახლოებით ამდენი ღირდა საწვავი იანვარ-თებერვალში. შესაბამისად, "პლატცის" ფასი, რომელზეც ჩვენ ვართ დამოკიდებული, მატულობს", - განმარტავს მთვრალაშვილი.

ძირითადი ფაქტორი, რაც ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაძვირებას აფერხებს, ლარის კურსია. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში მომხმარებელს საწვავი არ გაუძვირდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ფასი მატულობს, ჯერჯერობით კორექტირება არ იგეგმება. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ფაქტორია ლარის კურსი, რომელიც გარკვეული დოზით აკომპენსირებს არსებულ ვითარებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უცხოურ ბაზრებზე ცვლილება მოკლე პერიოდში მოხდა. დიდი დრო არ გასულა და კომპანიებს აქვთ შედარებით იაფად შეძენილი პროდუქტის ნაშთები, რის გამოც ფასის შენარჩუნება ხერხდება.

შემიძლია ვთქვა, რომ დღის წესრიგში არ დგას ნავთობპროდუქტების გაძვირება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ასევე კონკურენციის ფაქტორი. ახლა გადამწყვეტია, საით წავა ფასი უცხოურ ბაზრებზე და ტენდენცია რამდენ ხანს გაგრძელდება", - განუცხადა "რეზონანსს" ვანო მთვრალაშვილმა.

იმპორტიორებს საფასო ცვლილებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევად მიაჩნიათ. როგორც კომპანია "სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე განმარტავს, ბოლო ორ კვირაში საწვავი 12%-ით გაძვირდა.

"საწვავის ფასი საერთაშორისო ბაზარზე ლამის ყოველდღიურად იზრდება. ბევრი ნაცნობი და უცნობი მიზეზია, აბსოლუტური სიზუსტით ვერავინ იტყვის, რა თამაშია და კონკრეტულად რა განაპირობებს ცვლილებას. ამჯერად გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ კურსი სტაბილურია და ფასის დაბალანსება ხერხდება. ეს ფაქტორი უდავოდ დადებითია, მაგრამ - ნაკლებად პროგნოზირებადი. არ ვიცით, ლარს სამომავლოდ არ ელოდება", - აღნიშნა ზაალ იაკობიძემ.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"