კულტურის მინისტრი - იგეგმება თეატრებისთვის დაფინანსების ახალი სისტემის შეთავაზება

თავად თეატრის ხელმძღვანელები არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დამატებითი დაფინანსება მოიზიდონ და ამაზე ძალიან სერიოზული საუბარი გვექნება , - ამის შესახებ კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ძალიან მაღალი ხარისხის ჩართულობით, ძალიან მაღალი საჯაროობით, საერთო კონსესუსის შედეგად, იგეგმება დაფინანსების ახალი სისტემის შეთავაზება თეატრებისთვის.

„მე ვფიქრობ, ჩემი გულწრფელი პატივისცემის მიუხედავად, თეატრის მმართველებმა და სამხატვრო ხელმძღვანელებმა ბევრად მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ“, - აღნიშნა მინისტრმა.

როგორც მიხეილ გიორგაძემ განმარტა, მესამე წელია საქართველო არის შემოქმედებითი ევროპის წევრი, იმ პროგრამის, რომელიც სწორედ კულტურის და მედიის მხარდასაჭერად ევროკავშირმა შეიმუშავა.

„საქართველო, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის პირველი და ერთადერთია, რომელიც შეურთდა ამ პროგრამას. მესამე წელია, ერთი გამონაკლისის, მარჯანიშვილის თეატრის გარდა, არათუ დაფინანსება არ მიუღია არც ერთ თეატრს, არც კი უცდიათ, რომ გარკვეულიყვნენ ამ პროგრამის შესაძლებლობებში, მოეძიათ პარტნიორები, შესაბამისი პროექტით შესულიყვნენ ამ პროგრამაში და დაფინანსება მიეღოთ. ამის გარდა, არსებობს ევროკავშირის კულტურის და შემოქმედებითობის პროგრამა, რომელიც ასევე ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოში და არაერთი პროექტი ფინანსდება, მაგრამ ჩვენი თეატრების ხელმძღვანელებს ყველაზე მარტივი და ადვილი გზა აქვთ არჩეული - სპეკულაცია ხშირ შემთხვევაში იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტი თავიდან ბოლომდე 100%-ით საჭიროებებს ვერ აფინანსებს და ამბობენ, რა ვქნათ, ყურადღება არ ექცევა თეატრს, კულტურა პრიორიტეტი არ არისო და ა.შ. თავად ისინი არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დამატებითი დაფინანსება მოიზიდონ და ამაზე ძალიან სერიოზული საუბარი გვექნება.

საბიუჯეტო დაფინანსება თეატრებს უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ წლიდან წლამდე უსაზღვროდ, ულიმიტოდ საბიუჯეტო ასიგნებები გაიზრდება და ჩვენ გულზე ხელდაკრეფილები უნდა ვიჯდეთ და არაფერი ვაკეთოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ თეატრი და მოვიზიდოთ მეტი მაყურებელი“,- განაცხადა გიორგაძემ.

როგორც მინისტრმა განმარტა, იქნება საუბარი საბაზისო გარანტირებული საჭიროებების უზრუნველყოფაზე და შემდეგ თითოეულ თეატრზე იქნება დამოკიდებული ის, თუ რამდენ დაფინანსებას მოიძიებს, რამდენ მაყურებელს მოიზიდავს.