თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა.
საკრებულოს სხდომაზე საკითხს 41 მომხრე ჰყავდა, ორმა დეპუტატმა თავი შეიკავა. სულ, კენჭისყრაში 43 დეპუტატი მონაწილეობდა, ქვორუმი კი 24-ს შეადგენდა.
თბილისის საკრებულოს მიერ შედგენილი ბიუჯეტის მოცულობა 785 მილიონ ლარს შეადგენს.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენისათვის 88 მილიონ 713 ათასი ლარი იქნება გამოყოფილი, ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-ექსპლუატაციისა და ავარიული შენობების გამაგრებისათვის - 156 მილიონ 450 ათასი ლარი, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესებისათვის - 69 მილიონ 500 ათასი ლარი, ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობისათვის - 12,5 მილიონი ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარებისათვის - 30 მილიონი ლარი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებისათვის - 186,673 მილიონი ლარი, განათლებისათვის - 84 მილიონ ლარზე მეტი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამებისთვის - 50 მილიონ ლარზე მეტი, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის - 23 მილიონ ლარზე მეტი.
ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულია შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები, რომელიც დაახლოებით 700 მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯებს, წელს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე 600 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
ბიუჯეტის პროექტის მეშვიდე თავი მოიცავს მარეგულირებელ ნორმებს. მეშვიდე თავის რამდენიმე მუხლში გაწერილია, თუ რა მარეგულირებელ ნორმებს მიმართავს საკრებულო საბიუჯეტო თანხების გასაკონტროლებლად.