ყველაზე ძვირფასი სახლები ბორბლებზე

ავტომობილით მოგზაურობა, მთელს მსოფლიოში დასვენების ძალიან გავრცელებული და პოპულარული სახეობაა. დამსვენებლები სიამოვნებით ატარებენ დროს ბორბლებზე განლაგებულ სახლებში - ეს მათი სამომთაბარო სახლებია , რომლებიც ძირითადად ხელმისაწვდომია და კომფორტს მინიმალურად უზრუნველყოფს.

მაგრამ არსებობს ისეთი სახლი-ვაგონები, რომლებიც მაღალი დონის კომფორტს  უზრუნველყოფენ.

ასეთი ”კამპერები” მათი მფლობელების სტატუსზეც მიგვანიშნებენ. ჩვენი მკითხველისთვის უთუოდ საინტერესო იქნება „ბორბლებზე დასვენების“ ევროპელ მოყვარულთა ყველაზე გამორჩეული აგარაკების გაცნობა:

Morelo Palace

მორელოს სასახლე Iveco-ს სატვირთო ავტომობილის ბაზაზეა აგებული. ის სიგრძეში 11 მეტრს აღწევს. „სასახლეში“ სასტუმრო ოთახის გარდა ასევე არის სამზარეულო, სანიტარული კვანძი და ორადგილიანი საწოლი. ამ სამოგზაურო სასახლის შეძენა 160-300 000 ევროდ არის შესაძლებელი.

Vario Perfect Platinum

ეს აგარაკი სამღერძიან პლატფორმაზეა განლაგებული. მისი ინტერიერის გაფორმება შესაძლებელია როგორც სიძველის თემაზე, ასევე ჰაი-ტექ-ით. ავტომობილი დიზელის 420-ცხენისძალიანი აგრეგატით არის აღჭურვილი. მოძრავ კურორტს შეიძლება (თუ შემკვეთი მოისურვებს) ავტო სადგომიც ჰქონდეს. მისი ფასი 330-690 ათას ევროს შორისაა.

Futuria Sports+Spa

ეს სამოთახიანი მოძრავი აგარაკია, რომელსაც საკუთარი ავტოფარეხიც აქვს. შემკვეთის სურვილის შემთხვევაში კი, სახურავზე ჯაკუზის აუზის მოთავსებაც შეიძლება. მისი ფასი ნახევარი მილიონი ევროდან იწყება.

Concorde Centurion

ეს აგარაკი „მერსედეს აქტროსის“ ბაზაზეა შექმნილი, რომელსაც 422-ცხენისძალიანი ძრავი ემსახურება. ის „სტანდარტულად“ არის მოწყობილი. ინტერიერის გასაფორმებლად კი ძვირფასი ხე და ტყავია გამოყენებული. მსურველს ასეთი აგარაკის შეძენა მინიმუმ 623 ათასი ევრო დაუჯდება.

Magellano Edition 1

ამ შემთხვევაშიც, ბაზისად „მერსედეს აქტროსია“ გამოყენებული. ამ ბორბლებზე განლაგებული შენობის შიგნით ორი დიდი ოთახი განლაგდა. კედლებს გამოსაწევი სეგმენტები აქვს, რისი წყალობითაც, ინტერიერის ფართობი კიდევ უფრო იზრდება. ფასი 680 000 ევროა.

Ketterer Continental

ესეც „მერსედეს აქტროსის“ ბაზაზე დამზადებული მოძრავი აგარაკია. ოღონდ, ამჯერად ძრავის სიმძლავრე 625 ცხენის ძალაა. ინტერიერში საძინებელი და მისაღები ოთახები ჩაეტია. მასაც აქვს საკუთარი ავტოფარეხი. ფასი 850 000 ევრო.

Marchi Mobile Elemment Palazzo

ეს ეგზემპლარი, ევროპელების ხელში არსებულ მოძრავ აგარაკებს შორის ყველაზე მდიდრულია. ის კონცეპტუალური მოდელების დიზაინერ ლუიჯი კოლანის ნამუშევართა შთაგონებით არის შექმნილი. ინტერიერის გასაფორმებლად მარმარილოც კი გამოიყენეს. სასახლის სახურავზე საცეკვაო მოედანიცაა მოწყობილი. ფასი - 3 მილიონ ევროზე მეტია.

იხილეთ ფოტოგალერეა

წყარო: autobild.ge