ზოგიერთ ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავი გაიაფდა

ბოლო დღეების განმავლობაში საწვავზე ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება. ბოლო 1 კვირაში საწვავი 3-5 თეთრით არის შემცირებული „ლუკოილისა“ და „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურებზე.

"ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის" პრეზიდენტის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საწვავზე ფასის კლების უმთავრესი მიზეზი ლარის გამყარებაა.

„ბოლო 1 კვირაა, რაც ფასების შემცირება დაიწყო. საწვავი ძირითადად 5 თეთრით არის გაიაფებული. ეს კი ლარის გამყარებას უკავშირდება. მართალია საერთაშორისო ბაზარზე, ბარელი ნავთობის ფასიც და პლატცის მიხედვით, ნავთობპროდუქტების ფასიც გაზრდილია, თუმცა ლარი ისე მნიშვნელოვნად მყარდება, რომ არათუ დააკომპენსირა საერთაშორისო ფასები, არამედ საწვავის გაიაფებაც კი გამოიწვია“, - აღნიშნა მთვრალაშვილმა.

საწვავზე ფასის კლება ჯერ კიდევ გასულ თვეში დაიწყო. მარტში საწვავი როგორც არაბრენდირებულ, ისე ბრენდირებულ სადგურებზე გაიაფდა. ზოგიერთ ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე მარტის ბოლოს საწვავის ფასი 10 თეთრითაც კი შემცირდა.

„ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე 12 აპრილის შემდეგ ყველა ტიპის საწვავი 5 თეთრით არის გაიაფებული. კერძოდ, დღეის მონაცემებით, „ევრო რეგულარის“ ფასი - 1.99 ლარია; „ევრო-სუპერის“ ტიპის საწვავი - 2.29 ლარი ღირს; ხოლო „პრემიუმ-ავანგარდის“ ფასი - 2.19 ლარია.

ბოლო კვირაში 3 და 5 თეთრით არის გაიაფებული საწვავი „სოკარის“ სადგურებზეც. კერძოდ, დღეის მდგომარეობით, „რეგულარი“ – 2.11 ლარი ღირს; „ევრო-რეგულარის“ ფასი - 2.08 ლარია; „სუპერის“ ტიპის საწვავი - 2.41 ლარი; „პრემიუმი“-2.28 ლარი ღირს; ევრო-დიზელის ფასი -2.19 ლარია; დიზელის (50ppm და მეტი) კი - 2.01 ლარია.

„ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურებზე „ეკო-სუპერი“ 2.41 ლარი ღირს; „ეკო-პრემიუმის“ ფასი – 2.28 ლარია; „ეკო -დიზელის“ ტიპის საწვავი - 2.22 ლარი ღირს; „ევრო-რეგულარის“ ღირებულება -2.10 ლარია; „ევრო-დიზელი“ -2.12 ლარი ღირს; „დიზელ-ენერჯის“ ფასი კი - 2.04 ლარია.

„რომპეტროლის“ სადგურებში „სუპერის“ ტიპის საწვავი – 2.44 ლარი ღირს; „ევრო პრემიუმის“ ფასი – 2.30 ლარია; „ევრო რეგულარი“ – 2.09 ლარი ღირს; „efix ევრო დიზელის“ ფასი – 2.25 ლარი; ხოლო „ევრო დიზელი“ – 2.07 ლარი ღირს.

„გალფის“ ბენზინგასამართ სადგურებში კი დღეის მდგომარეობით, „G-Force პრემიუმის“ ღირებულება – 2.29 ლარია; „G-Force ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი – 2.19 ლარი ღირს; „რეგულარის“ ფასი – 2.09 ლარია; „ევრო დიზელი“ – 2.25 ლარი; დიზელი კი 2.07 ლარი ღირს.