თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ახალი სტრუქტურის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დღეს ახალი სტრუქტურის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე საქართველოს მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.

პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია გამართავს.

„ახალი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამას კიდევ უფრო ქმედითს და ეფექტიანს გახდის. სააგენტო გააერთიანებს სამ კომპონენტს - ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტსა და ინვესტიციებს. შესაბამისად, ერთი ქოლგის ქვეშ სამი დამოუკიდებელი ბრენდის სახით განვითარდება „აწარმოე საქართველოში - ბიზნესი“, „აწარმოე საქართველოში - ექსპორტი“ და „აწარმოე საქართველოში - ინვესტიცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.