თევზის გაძვირების საფრთხე - მოსაკრებელი 2-3-ჯერ იზრდება

თევზის სხვადასხვა სახეობის მოპოვებისთვის ახალი მოსაკრებლის დადგენამ შესაძლოა, პროდუქტი გააძვიროს. საგადასახადო სფეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი სახის გაზრდილი გადასახადი, როგორც მოსაკრებლის, ასევე სხვა სახის, თევზის თვითღირებულებასა და სარეალიზაციო ფასზე აისახება.

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს თევზის სხვადასხვა სახეობის მოპოვებისთვის ახალი მოსაკრებლები დადგინდება. განაკვეთები, რომლებსაც "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, მოქმედისგან განსხვავებით, ზოგ შემთხვევაში იზრდება, ზოგ შემთხვევაში მცირდება. მოსაკრებელი თევზის სახეობების მიხედვით განსხვავებულია.

"მოქმედი ნორმით, თევზის სახეობების - სკუმბრია, სარდინია, სტავრიდა, მერლანგი, ქარიყლაპია და სიგისებრთა სახეობების - მოპოვებისთვის განსაზღვრული მოსაკრებელი (10, 15, 20 ლარი) ნაკლებია ქაფშიისთვის განსაზღვრულ მოსაკრებელზე (25 ლარი) მაშინ, როდესაც, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე ამ თევზების ღირებულება გაცილებით მაღალია ქაფშიის ღირებულებაზე. ამიტომ, კანონპროექტით დგინდება ადეკვატური მოსაკრებლები თევზების ამ სახეობების მოპოვებისთვის. სკუმბრიისთვის მოსაკრებლის განაკვეთი 20 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება 65 ლარით; სარდინიისთვის - 20 ლარის ნაცვლად, 25 ლარით; სტავრიდისთვის - 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით; მერლინგისთვის - 15 ლარის ნაცვლად, 45 ლარით; ქარიყლაპიისთვის, რომლისთვისაც მოსაკრებლის განაკვეთი ერთ ტონაზე შეადგენდა 10 ლარს, მოსაკრებელი დგინდება 65 ლარის ოდენობით", - ნათქვამია დოკუმენტის განმარტებით ბარათში.

გარდა ამისა, მოსაკრებლის განაკვეთებში, თითოეული ჯგუფისთვის გათვალისწინებულია სახეობების სასარგებლო მახასიათებლები, საბაზრო ღირებულება, ერთგვაროვნება ჯგუფის სხვა სახეობების მიმართ და ა. შ.

"ვინაიდან საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი თევზების სახეობებიდან ყველაზე მაღალი კომერციული ღირებულება გააჩნია მდინარის - ტბის კალმახს, შავი ზღვის ორაგულსა და ზუთხისებრთა წარმომადგენლებს, აღნიშნული სახეობებით სარგელობისთვის დგინდება განსხვავებული ოდენობის მოსაკრებელი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება "წითელ ნუსხაში" შეტანილი სხვა ობიექტებისთვის დადგენილი "საერთო მოსაკრებლის" ოდენობას. კანონპროექტით მდინარის, ტბის კალმახზე მოსაკრებელი განისაზღვრება 1 500 ლარით, შავი ზღვის ორაგულზე - 3 000 ლარით, ხოლო ზუთხისებრთა წარმომადგენლებზე - 5 000 ლარით", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ახალი მოსაკრებლების დადგენის შემდეგ ბაზარზე თევზის გაძვირების საფრთხეს ხედავს საგადასახადო სფეროს სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, გადასახადის ზრდა (იქნება ეს მოსაკრებლის თუ სხვა სახის) ნებისმიერ შემთხვევაში პროდუქტის თვითღირებულებას აძვირებს და სამომხმარებლო ფასზეც იმოქმედებს.

"ცალსახაა, როდესაც პროდუქციის თვითღირებულება იზრდება, პროპორციულად მატულობს სარეალიზაციო ფასიც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რისი მოპოვებაც ხდება საქართველოს ტერიტორიაზე, აქვე რჩება თუ გააქვთ თურქულ გემებს, რომლებიც შემოდიან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ლიცენზიით. ნებისმიერ შემთხვევაში, გადასახადის მატება - იქნება ეს მოსაკრებლის, სალიცენზიო მოსაკრებლის თუ სხვა, პროდუქტის თვთიღირებულებას ზრდის და სარეალიზაციო ფასზეც აისახება.

მაგალითად, კალმახი, თუკი ის არის ხელოვნურ მეურნეობაში შექმნილი და არ არის მთის, ჩვეულებრივ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მსგავსად გამოიყენება. განსხვავდება ბუნებრივი რესურსებიდან მოპოვებული თევზი, რომელიც სამომხმარებლო ბაზარზე ხვდება და ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, პროდუქციის გაძვირებას უნდა ველოდოთ", - განუცხადა "რეზონანსს"აკაკი ჩარგეიშვილმა.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"