პრემიერი - ”აწარმოე საქართველოს” დაწყებიდან მხოლოდ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში 170 -მდე პროექტი დაფინანსდა

პროგრამის ”აწარმოე საქართველოს” დაწყებიდან დღემდე მხოლოდ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 170-მდე პროექტი და მათი ჯამური ინვესტიცია 400 მილიონ ლარამდეა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სააგენტოს ”აწარმოე საქართველოში” პრეზენტაციისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და იმ შედეგებზე, რომელიც პროგრამის ამუშავებამ მოუტანა საქართველოს.

”პროგრამის დაწყებიდან დღემდე მხოლოდ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 170 -მდე პროექტი და მათი ჯამური ინვესტიცია 400 მილიონ ლარამდეა. მხოლოდ ამ ინვესტიციების საშუალებით ჩვენს ქვეყანაში 7 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდა.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით ამ პროგრამის ფარგლებში 100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში დავაფინანსეთ 20-ზე მეტი პროექტი და ჯამური ინვესტიციების ოდენობა 34 მილიონ ლარს შეადგენს.

კინოინდუსტრიიის კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა 7 მილიონზე მეტი ლარის ინვერსტიცია და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 9 ათასამდე ბენეფიციარი. თანადაფინანსება მიიღო 5 ათასამდე ბენეფიციარმა და შეიქმნა 5 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი სოფლად.

დღეს ჩვენთან ერთად არიან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები. მივესალმები მათ და წარმატებას ვუსურვებ”, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი შედეგები რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ პროგრამამ ახალი სიცოცხლე შეიტანა არამხოლოდ ეკონომიკაში, არამედ მთლიანად ქვეყნის ცხოვრებაში. პრემიერის თქმით, დღეს საჭიროა არსებული სახელმწიფო პროგრამების ადაპტირება ახალ გამოწვევებთან.

”ამისთვის ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პროგრამაში შემავალი ყველა კომპონენტი გავაერთიანოთ ერთი სტრუქტურის ქვეშ სახელწოდებით ”აწარმოე საქართველოში” . მას ექნება ერთიანი მომსახურების ოფისი, რაც გაუადვილებს ბიზნესმენებს და დამწყებ მეწარმეებს საქმიანობას და სახელმწიფოსთან ურთიერთობას.

მეწარმეობის განვითარებასთან ერთად ჩვენ პრიორიტეტად დავისახეთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე რომელიც განაპირობებს ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტის ზრდას. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს სავაჭრო საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.