ქოშიგორას დასახლებაში მისასვლელი ახალი გზა გაკეთდა

საბურთალოს რაიონში, ქოშიგორას დასახლებასთან მისასვლელი ახალი გზა გაკეთდა. დასახლების აღმაშენებლის ხეივანთან დასაკავშირებლად გზა სპეციალურად გაიჭრა და 1 536 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო.

დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ. მერის თქმით, აღნიშნული გზის გაკეთება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით მოხდა.

„ქოშიგორას დასახლებასთან დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის გაკეთება მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მოხდა. ძველ გზაზე უსაფრთხო გადაადგილება შეუძლებელი იყო, ამიტომ ახალი გზის გაკეთება გადავწყვიტეთ. აღნიშნული გზის 1536 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო და სატრანსპორტო გადაადგილება უსაფრთხო და მოსახერხებელი გახდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად საბურთალოს რაიონის გამგეობამ 153 748 ლარი გამოყო.

საგზაო სამუშაოები შპს ,,ჯეუ გრუპმა“ შეასრულა.