ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის ყველაზე მეტი ჯარიმა ძველი თბილისის ტერიტორიაზე დაიწერა

ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის 2 დღეში 27 ადამიანი დაჯარიმდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ შპს „თბილსერვის ჯგუფში“ განუცხადეს.

როგორც სამსახურში აღნიშნავენ, აქედან 21 - ქართველი; 6 კი უცხოელია. კერძოდ, დაჯარიმდნენ იორდანიის, სომხეთის, ეგვიპტის, უნგრეთის, რუსეთისა და ირანის მოქალაქეები.

რაც შეეხება საჯარიმო ოქმებს, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 24 საჯარიმო ოქმი 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით, კერძოდ სიგარეტის ნამწვით გარემოს დანაგვიანებაზე შედგა, რაც 80 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

1-1 ფაქტი დაფიქსირდა პოლიეთილენის პარკისა და მუყაოს ყუთის ქუჩაში დაგდებაზე, რაც ასევე 80 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. 1 შემთხვევაში კი მუნიციპალურ ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენის უკანონოდ განთავსების გამო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდა.

რაც შეეხება უბნებს, როგორც „თბილსერვის ჯგუფში“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ყველაზე მეტი - 4 საჯარიმო სანქცია ძველ თბილისის (ლესელიძე, ნარიყალა) ტერიტორიაზე დაიწერა. ამასთან, მოქალაქეთა დაჯარიმება მოხდა აღმაშენებლის, რუსთაველის გამზირის, ელბაქიძის აღმართისა და ვაკის პარკის ტერიტორიებზე.

„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა ნაგვის დაყრისთვის მოქალაქეების დაჯარიმება 20 აპრილიდან დაიწყეს.