დევ იაგადესანი - OPIC-მა საქართველოში გააორმაგა ოპერაციათა მოცულობა, შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ველით პროექტების განხორციელებას თქვენს ქვეყანაში

OPIC-მა საქართველოში გააორმაგა ოპერაციათა მოცულობა, შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ველით პროექტების განხორციელებას თქვენს ქვეყანაში , - ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელისა და აღმასრულებელი დირექტორის, დევ იაგადესანის (Dev Jagadesan) მიერ პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„მადლობას გიხდით თქვენ და თქვენს დელეგაციას ჩვენთან - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციაში ვიზიტისთვის. კვლავ ველით ასეთი ტიპის შეხვედრების გამართვას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ისედაც მჭიდრო და წარმატებული პარტნიორობა საქართველოსთან. მოხარული ვიქნებით, მონაწილეობა მივიღოთ საქართველოში ორგანიზებულ ნებისმიერ კონფერენციაში, განსაკუთრებით, საინვესტიციო ფონდების მიმართულებით. ველით თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას” -აღნიშნულია წერილში.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციაში შეხვედრა ვაშინგტონში, 19 აპრილს შედგა და მას პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ესწრებოდნენ.