დიმიტრი ქუმსიშვილი - სავალუტო ფონდი რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მხარდაჭერას გააძლიერებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მხარდაჭერას გააძლიერებს , - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილესთან, ტაო ჟანგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნა მიღებული 4-პუნქტიანი გეგმის საფუძველზე.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სავალუტო ფონდი მხარს უჭერს აღნიშულ რეფორმებს და მზადაა, გააძლიეროს ქვეყნის მხარდაჭერა მისი იმპლემენტაციის კუთხით.

სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილესთან შეხვედრა აშშ-ში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დროს, დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, აგრეთვე შეხვდა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელ პირებს.