თავდაცვის დანახარჯები მშპ-ს 2%-ის ფარგლებში შენარჩუნდება

თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2017-2020-ის თანახმად, თავდაცვის დანახარჯებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი და მშპ 2%-ის ფარგლებში შენარჩუნდება.

როგორც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობა განაგრძობს შეიარაღებული ძალების განვითარებისა და ტრანსფორმაციის მხარდაჭერას და ერთიანი სახელისუფლებო ხედვის ფარგლებში გააძლიერებს უწყებათაშორის თანამშრომლობას ქვეყნის თავდაცვის რესურსების ეფექტიანი მართვისთვის.

„ერთიანი სახელისუფლებო მიდგომა და თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები ხელს შეუწყობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო და დემოკრატიული კონტროლის გაუმჯობესებას, საზოგადოების კონსოლიდირებას ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაღრმავებისთვის. ეკონომიკის განვითარების ტენდენციებიდან გამომდინარე, თავდაცვის დანახარჯებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი და შენარჩუნდება მთლიანი შიდა პროდუქტი 2%-ის ფარგლებში. თავდაცვის სფეროში ახალი პროექტების (საჰაერო თავდაცვა, მობილიზაციისა და რეზერვის სისტემა, საჰაერო სატრანსპორტო და მოიერიშე შვეულმფრენები, ჯავშანსაწინააღმდეგო შესძლებლობები და სხვა) დაფინანსება შესაძლოა დაემატოს თავდაცვის ბიუჯეტს. არსებული გამოწვევების საპასუხოდ, თავდაცვის სამინისტრო გააგრძელებს მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესსა და ახალი მიდგომების შემუშავებას. სტრუქტურული ოპტიმიზაცია უზრუნველყოფს რესურსების მობილიზებას მზადყოფნისა და მოდერნიზაციის მიმართულებებზე“, - ნათქვამია დოკუმენტში.

თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები გააგრძელებენ ქვეყნის თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერას.