ევროპის ტურებზე ავიაბილეთების ფასები 20-30 %-ით გაიზარდა

ევროპის ტურებზე ავიაბილეთების ფასები წინა თვესთან შედარებით, 20-30 %-ით გაიზარდა. ამის შესახებ, ინფორმაციას ტურისტული სააგენტო OK TRAVEL ავრცელებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ზაფხულის განმავლობაში ავიაკომპანიების მხრიდან ბილეთებზე ფასების მატება შენარჩუნდება.

მათივე ცნობით, ავიაბილეთების ფასები ყველაზე მეტად ესპანეთის, განსაკუთრებით ბარსელონას მიმართულებით არის გაზრდილი.

„თუ რამდენიმე თვის წინ კონკრეტული ავიაკომპანიები ფრენებს მინიმალურ ფასად ახორციელებდნენ, დღევანდელი მონაცემებით, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ევროპის მიმართულებით ნებისმიერ ტურზე ფასები წინა თვესთან შედარებით 20-30%-ით არის გაზრდილი და ყოველდღიურად იმატებს.

ფასები განსაკუთრებული სისწრაფით იზრდება ესპანეთის ავიაბილეთებზე. მათ, ვინც ესპანეთში გეგმავენ ზაფხულის გატარებას, ჩვენი ტურისტული სააგენტო ურჩევს, დროულად დაჯავშნონ ბილეთები, რადგან ივნისის თვეში ფასები პიკს მიაღწევს“, - აღნიშნავს Ok travel-ის ტუროპერატორი მონიკა ლათიბაშვილი.

თაია არდოტელი