ნავთობის ფასი ექვსდღიანი კლების შემდეგ გაიზარდა

წინა ექვსი დღის კლების შემდეგ, ნავთობის ფასი ოდნავ გაიზარდა. თუმცა, ფასის ზრდას აფერხებს ის გარემოება, რომ OPEC-ის და ორგანიზაციის არაწევრი ნავთობ მომპოვებელი ქვეყნების მცდელობას, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის მიწოდება შეამცირონ და ამით, მისი ფასის ვარდნა შეაკავონ, რეალური შედეგი არ მოაქვს.

დღეს დილით, „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 8 ცენტით, 51.68 დოლარამდე გაიზარდა, ამერიკული ნედლი ნავთობის ფასმა კი 10 ცენტით, 49.33 დოლარამდე მოიმატა. გასული წლის ბოლოს შემდეგ, იმის მიუხედავად, რომ OPEC-მა და ორგანიზაციის არაწევრმა ნავთობ მომპოვებელმა ქვეყნებმა, გლობალურ ბაზარზე მიწოდება შეამცირეს (დღეში 1.8 მილიონი ბარელით), ბრენტის ფასი მაინც 10 პროცენტით არის შემცირებული.

ბაზრის ანალიტიკოსები აღიარებენ, რომ OPEC-ის მცდელობას, მიწოდების შეზღუდვით, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი შეემცირებინა, შედეგი არ მოაქვს. როგორც JP მორგანი თავისი კლიენტებისადმი მიწოდებულ ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერს, „აშკარაა, რომ ბაზარს უჭირს ჭარბი მიწოდების დაბალანსება“. უფრო მეტიც, ბანკი აღიარებს, რომ მის მიერ აგვისტოში გახსნილი გრძელი პოზიცია (ყიდვა) წამგებიანია.

JP მორგანი ამბობს, რომ მიწოდების სიჭარბის შესამცირებლად, OPEC-ს მოუწევს მიწოდების შემცირების პაქტის გაგრძელება და უფრო მეტიც, ნავთობის მიწოდების კიდევ უფრო შეკვეცა, რათა ბარელის ფასი 50 დოლარზე მაღლა დარჩეს.

ორშაბათს რუსეთმა გამოაცხადა, რომ თუ OPEC-ის პაქტი არ გაგრძელდა, მის მიერ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის მიწოდება მკვეთრად გაიზრდება და ბოლო 30 წლის მაქსიმუმს განაახლებს. როიტერის მონაცემებით, რომლებიც მილსადენებით ნავთობის ტრანსპორტირებას არ ითვალისწინებს, რუსეთიდან ნედლი ნავთობის დღიური მიწოდება, აპრილში რეკორდულ 5.0 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. ეს დაახლოებით 17 პროცენტით მეტია იმ მაჩვენებელზე, რაც დეკემბერში გლობალური მიწოდების შემცირების პაქტის ამოქმედებამდე დაფიქსირდა.

უფრო ადრე, საუდის არაბეთმა და ქუვეითმა გამოაცხადეს, რომ OPEC პაქტის გაგრძელებას აპირებს.