გიგლა აგულაშვილმა გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებს პრეზენტაცია “ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვა“ წარუდგინა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებს პრეზენტაცია “ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვა“ წარუდგინა.

როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრაზე კომიტეტის წევრები ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის შედეგებს და დაბინძურების შემცირებისთვის განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სიახლეებს გაეცნენ.

პრეზენტაციის შემდეგ, მინისტრმა დეპუტატებს ექსპრეს ლაბორატორიის სამუშაო პროცესი ადგილზე გააცნო. სააგენტოს სპეციალისტებმა ექსპრეს ლაბორატორიით ადგილზე ჰაერის დაბინძურების კვლევები, ელ. მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის გაზომვა განახორციელეს და მიღებული შედეგების ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობა განსაზღვრეს.

შეხვედრის მიზანია, პარლამენტის წევრების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ინფორმირება ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესწავლა. ასევე,დაბინძურების ძირითადი წყაროების და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების განსაზღვრა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით არსებული მოთხოვნების გაცნობა.

პრეზენტაციას, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი, დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.