გიორგი კვირიკაშვილი - ფისკალური სურათის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი გაჯანსაღების პროცესი გვაქვს

ფისკალური სურათის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი გაჯანსაღების პროცესი გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შემოსავლების სამსახურის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით მოგების გადასახადის გაუქმების რეფორმის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს ტენდენცია არის სახეზე და არის შეუქცევადი.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ დროსა და სივრცეში აბსოლუტურად სწორად გათვლილი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ მიეღო ეს მზარდი ტენდენციები.

“მინდა ვთქვა იმ რეფორმაზე, რომელიც ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში წამოვიწყეთ. უამრავი მოწინააღმდეგე გვყავდა, ეს არ იყო მარტივად გადასადგმელი ნებიჯები. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო აბსოლუტურად სწორი ქვეყნის განვითარებისთვის. გადავდგით გადამწყვეტი ნაბიჯები იმისთვის, რომ მივიღოთ ერთი მხრივ ჟანგბადი კერძო სექტორში ახალი ინვესტიციებისთვის, მეორე მხრივ კი, მოგვიწია გარკვეული ფისკალური ზომების მიღება, რათა გარდამავალ პერიოდში დაგვეფინანსებინა საბიუჯეტო შემოსავლები. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გაჯანსაღების პროცესი ფისკალური სურათის, ეს არის აღნიშნული როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ, ასევე სარეიტინგო სააგენტოების მიერ. ეს ტენდენცია არის სახეზე და ეს ტენდენცია არის შეუქცევადი. ჩვენ დროსა და სივრცეში აბსოლუტურად სწორად გადავდგით ნაბიჯები იმისთვის, რომ მიგვეღო ეს მზარდი ტენდენციები. მოგების გადასახადის გაუქმება იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. ეს არ იყო მარტივი, მაგრამ მოიტანა ის, რომ გამოთავისუფლდა ძალიან დიდი რაოდენობის საინვესტიციო რესურსი. ყოველდღე ვხვდებით ბიზნესმენებს და მათგან ვისმენ, თუ რა რაოდენობის რეინვესტირება მოხდა სწორედ ამ კანონიდან გამომდინარე. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ეს რესურსი გათავისუფლდა მოგების გადასახადისგან. მინდა მაგალითად მოვიყვანო ძალიან ცნობილი შოტლანდიელი ბიზნესმენის, თომას დევაარის სიტყვები: იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე გადაიხადო მოგების გადასახადი, არის ის, რომ შენ არ გაქვს მოგების გადასახადი გადასახდელი. მოგების გადასახადისგან გათავისუფლებამ მოიტანა ძალიან მნიშვნელოვანი ბიუროკრატიული წნეხის შემცირება კერძო სექტორზე. ეს რეფორმა არის შემადგენელი ნაწილი იმ ძალიან დიდი რეფორმის, რომელიც არის ოთხპუნქტიანი გეგმა, ეს არის ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის ძირეული რეფორმა, ეს არის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების რეფორმა, ეს არის მმართველობითი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ერთიანი მომსახურებისთვის სივრცის ჩამოყალიბებას გულისხმობს. აქ წამყვანი როლი ეკისრება სწორედ შემოსავლების სამსახურს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, შემოსავლების სამსახური არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის. “მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, უმნიშვნელოვანესი ათი წელი გავიარეთ, შემოსავლების სამსახური არის ათი წლის, ეს იყო მნიშვნელოვანი ცვლილებების და რეფორმების ათი წელი. შემოსავლების სამსახურში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც იმსახურებენ დიდ პატივისცემას. ეს არის სამსახური, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. ეს როლი მდგომარეობს ძალიან მნიშვნელოვანი ტოლობის ნიშნის დასმაში. ერთი მხრივ, იმ ფუნქციების შესრულებაში, რომელიც სახელმწიფოს აკისრია, მეორე მხრივ, უდიდესი ნდობის ჩამოყალიბებაში, რომელსაც ნამდვილად აქვს დღეს ადგილი კერძო სექტორის მხრიდან. ეს არის სამსახური, რომელიც უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის, ეს არის სამსახური, რომელიც მნიშვნელოვანია ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა ამ მხრივ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და ეს ცვლილებები ეხება როგორც ადმინისტრირების გაუმჯობესებას, ასევე ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვას, ელექტრონული ურთიერთობის ფორმატის ჩამოყალიბებას, ასევე ლიბერალიზაციის კუთხით გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.