„რეზონანსი" - რუსული კომპანია საქართველოს ენერგეტიკულ დავაში ითრევს

"თელასის" მფლობელი რუსული "ინტერ რაო" საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის და აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურებამ მათი კომპანია დააზარალა.

თუმცა ირკვევა, რომ "თელასს" ტარიფის გაზრდის მოთხოვნით სემეკ-ისთვის არ მიუმართავს, რადგან ამის რეალური მიზეზი არ არსებობდა. დღეს მოქმედი ელექტროენერგიის ტარიფი 2.40-ის ნიშნულზეა დათვლილი და ახლა იგივე კურსია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ლარის დევალვაცია მხოლოდ ნოემბრიდან თებერვლამდე მიმდინარეობდა. ამ მოკლე პერიოდში "ინტერ რაო" რეალურად ვერაფერს იზარალებდა და მისი ულტიმატუმი აბსურდულია.

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, "ინტერ რაომ", ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკარგის კომპენსირების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებასთან საინვესტიციო დავა დაიწყო. მისი ნიდერლანდური სტრუქტურები, რომლებიც საქართველოში აქტივებს ფლობენ, საქართველოს ხელისუფლებას ათეულობით მილიონ დოლარს სთხოვენ და ამ მიზნით საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო იმედოვნებს, რომ "ინტერ რაოსთან" კონსულტაციები პოზიტიურად დასრულდება და საქმე არბიტრაჟამდე არ მივა.

"მათ წარმოადგინეს საპრეტენზიო წერილი. კორესპონდენცია ნამდვილად შემოსულია, რომელიც ასევე გათვალისწინებულია მთავრობასთან გაფორმებულ მემორანდუმში. ეს არის ფორმალური პროცესი, რომელიც უნდა გაიაროს საკითხმა, რომ დავა დაიწყოს. საკითხი უკვე გადასულია მოლაპარაკების ეტაპზე. ჩვენ ვართ კონსულტაციის რეჟიმში და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი პოზიტიურად დასრულდება და არ მოგვიწევს არბიტრაჟის ჩართვა. იმ შემთხვევაში, თუ საკითხი დასრულდება მოლაპარაკების გზით, ამას არ ექნება ნეგატიური გავლენა სამომხმარებლო ტარიფზე", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ.

სემეკ-ისთვის ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მიმართვის ფაქტს არ ადასტურებს კომპანია თელას-ის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ვალერი ფანცულაია. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, კანონის თანახმად დადგენილია, რომ მარეგულირებელმა ყოველ წელს უნდა გადახედოს ტარიფს. "ჩვენ კონკრეტულად ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მათთვის არ მიგვიმართავს", - განაცხადა ფანცულაიამ.

იმავეს ამბობენ სემეკ-შიც. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წმალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, "თელასს" მათთვის სატარიფო ცვლილების თაობაზე არ მიუმართავს.

"ტარიფებს ვითვლით ყოველწლიურად, პროცედურა გეგმაზომიერად მიმდინარეობს. სატარიფო განაცხადს აქვს შემოტანის ვადა, თუმცა ჩვენთან ჯერ არ არის მსგავსი განცხადება შემოსული.

რაც შეეხება უშუალოდ "ინტერ რაოს", მას სახელმწიფოსთან აქვს მემორანდუმი გაფორმებული. ამ დოკუმენტით არის განსაზღვრული მოვალეობები მხარეებს შორის. იყო სატარიფო მემორანდუმის პრინციპებიც, თუმცა კომისია არ ხელმძღვანელობს ასეთი დოკუმენტაციით. სემეკ-ისთვის მთავარია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც ავალდებულებს კომისიას, ტარიფი დაადგინოს მოქმედი მეთოდოლოგიის საფუძველზე", - განუცხადა "რეზონანსს" შონიამ და უფრო დეტალურად ისაუბრა ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის შესახებ.

"ტარიფების მეთოდოლოგია შევიმუშავეთ 2014 წელს. ეს არის საუკეთესო პრაქტიკა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ტარიფების დადგენა ჩვეულებრივად, გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ჩვენი მუშაობის პრინციპი არის ის, რომ ფასი ვარეგულიროთ არა მემორანდუმის საფუძველზე, არამედ როგორც ეს ხდება მთელ მსოფლიოში, სატარიფო მეთოდოლოგიის მიხედვით", - აღნიშნა შონიამ.

"ინტერ რაოს" მხრიდან სახელმწიფოსთვის კომპენსაციის მოთხოვნა არარეალურად მიაჩნია ენერგეტიკის აკადემიის წევრ თემურ ჭიჭინაძეს. როგორც მან "რეზონანსთან" აღნიშნა ტარიფი დადგენილია იმ კურსით, რომლითაც მოხდა რუსულ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის მემორანდუმის გაფორმება. შესაბამისად, ლარის დევალვაცია მათ ვერ დააზარალებდათ.

"ინტერ რაოს" მხრიდან კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნა არასწორია. მათ ისედაც მაღალი აქვთ ტარიფი და თუ ლარის დევალვაციაზე აქვთ პრეტენზია, გადახედონ 1998 წელს, როდესაც შემოვიდნენ საქართველოში. მაშინ ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით იყო 2,37, დღესაც იგივეა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მათი შემოსვლიდან მოყოლებული, მრავალი წლის განმავლობაში ლარი მყარდებოდა (1,43-ზეც კი ჩამოვიდა), საინტერესოა, რატომ არ ითხოვდნენ იმ პერიოდში ტარიფის შემცირებას?

აქედან გამომდინარე, მათ არავითარი პრეტენზია არ შეიძლება ჰქონდეთ სახელმწიფოს წინაშე. მთავრობას მხოლოდ ერთ რამეში დავადანაშაულებდი, ის არ ასაჯაროებს დოკუმენტებს, რომ ვნახოთ, რა ხელშეკრულება აქვს დადებული რუსულ კომპანიასთან", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"