2017 წლის „პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში“ საქართველო 180 ქვეყანას შორის კვლავ 64-ე ადგილზეა

2017 წლის „პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში“, რომელსაც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქვეყნებს, საქართველო 180 ქვეყანას შორის 64-ე ადგილზეა.

საქართველოს 27,76 ქულა აქვს, რითაც წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიციები უცვლელი დარჩა, თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოს მედიაგარემოს გაუმჯობესება მოხდა.

„ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოს მედიაგარემოს გაუმჯობესება მოხდა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა მედიის მფლობელობის გამჭვირვალობა, სატელიტური მაუწყებლობის პლურალიზმი და მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოს გარდაქმნა. რიგი სკანდალების შემდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული თვალთვალი გარკვეულ გარანტიებს უნდა ექვემდებარებოდეს. ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობას ნაკლებად აქვს ადგილი, თუმცა ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მათ მიმართ მუქარის შესახებ. მედია კვლავ ძალიან პოლარიზებულია და მიუხედავად პროგრესისა, მედიასაშუალებების მფლობელები ხშირად ახდენენ გავლენას სარედაქციო პოლიტიკაზე. წამყვანი ტელეარხების მფლობელობასთან დაკავშირებული ომი შეშფოთების საგანია ქვეყანაში პლურალიზმის მომავლისთვის. მთავარი ოპოზიციური სატელევიზიო არხის, „რუსთავი 2“-ის ბედი გამოცდას წარმოადგენს ამ კუთხით“, - ნათქვამია ანგარიშში.

2017 წლის „პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის“ პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, დანია, ჰოლანდია.