„თანაინვესტირების ფონდი“ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" კანონპროექტთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს

„თანაინვესტირების ფონდი“ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" კანონპროექტთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს და მომავალში მის გამოყენებას არ აპირებს , - ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მიერ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში.

„დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც „თანაინვესტირების ფონდი“ და ე.წ. პროექტი “პანორამა თბილისი” დაუკავშირა კანონპროექტს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ". თითქოს კანონპროექტში ნახსენები სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების მონტაჟის რეგულაციები დაკავშირებულია თანაინვესტირების ფონდის პროექტის განხორციელებასთან. ე.წ. “პანორამა თბილისი” წარმოადგენს კერძო საინვესტიციო პროექტს და „თანაინვესტირების ფონდი“ უარყოფს ყოველგვარ კავშირს ზემოაღნიშნულ კანონპროექტთან და არ აპირებს მომავალში მის გამოყენებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, „თანაინვესტირების ფონდი“ მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, მსგავსი უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებამდე მიმართონ „თანაინვესტირების ფონდს“ ან კანონმდებლებს, გადაამოწმონ ინფორმაციის სიზუსტე, რათა თავი აარიდონ ცრუ ბრალდებების გავრცელებას და მეტი პროფესიონალიზმით მიუდგნენ საკუთარ საქმიანობასა და სხვა ორგანიზაციების რეპუტაციას.

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ”აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" კანონპროექტის თანახმად, ყველა იმ საფუძველს, რა დროსაც საკუთრების ჩამორთმევა (ექსპროპრიაცია) ხორციელდება, ახალი პუნქტი ემატება. კერძოდ, საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელი ხდება, თუ ეს სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საჭირო სამუშაოებს უკავშირდება. საიაში ვარაუდობენ, რომ სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივა, სავარაუდოდ, „პანორამა თბილისის“ პროექტს უკავშირდება.