ჩეხმა ექსპერტმა ბიოყურძნის წარმოებაზე ქართველი ფერმერებისთვის სემინარი ჩაატარა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - „საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“ ფარგლებში , პროექტის ჩეხმა ექსპერტმა, პროფესორმა ირჟი კაპლანმა ფერმერებისა და დაინეტრესებულ პირებისთვის სემინარი - ,,ბიოყურძნის წარმოების საერთაშორისო მეთოდები’’ - ჩაატარა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩეხმა ექსპერტმა ყურადღება დაავადებებთან ბრძოლის მეთოდებზე, ბიომევენახეობაში დასაშვებ ბიოპრეპარატებზე, მათ გამოყენებაზე, ბიოლაბორატორიის როლსა და ბიოპროდუქტის მოყვანაში სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. სემინარზე საუბარი შეეხო ბიოვენახის გაშენების, საჭირო პირობებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვის საკითხებს. როგორც ჩეხმა ექსპერტმა აღნიშნა, ბიოვენახის გაშენება ახალ ნაკვეთზე უნდა მოხდეს; თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული ვენახის ეტაპობრივად ბიომევენახეობის მოთხოვნებზე გადაყვანა, ყოველთვის დადებით შედეგს არ იძლევა.

სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ სემინარს 30-ზე მეტი სტუნდენტი და ფერმერი დაესწრო.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ირჟი კაპლანი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ბიომევენახეობაში არსებულ სტანდარტებსა და ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრეს.