ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა კითხვებს ბადებს

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა კითხვებს ბადებს.

ჭიაბერაშვილის გათვლებით, მედიკამენტები 670-ათასი ადამიანიდან დაახლოებით 5 000-ს დაუფინანსდება.

“მთავრობა აცხადებს, რომ 2017 წლის ზაფხულიდან ქრონიკული დაავადებების მქონე ყველა იმ ადამიანს, რომლის სარეიტინგო ქულა 100 000 ქულას არ აღემატება, ამ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდება. ქვეყანაში 670 000-მდე მოქალაქეა, რომლის ქულა 100 000-ს არ აღემატება, მაგრამ ყველას წამლის ფული არ დაუფინანსდება, რადგან საბედნიეროდ ყველას ქრონიკული დაავადება არა აქვს. სამინისტრო არ ამბობს, რამდენ ადამიანზეა გათვლილი “წამლის პროგრამა”. იმის გათვალისწინებით, რომ ამ პროგრამის ბიუჯეტი 6 თვეზე სულ 4 მლნ ლარია, ხოლო ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანს თვეში მინიმუმ 150 ლარის მედიკამენტი ესაჭიროება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ამ პროგრამით რეალურად ისარგებლებს, 5 ათასიც კი არ იქნება. როდესაც ქვეყანაში ქრონიკული დაავადებების მქონე სოციალურად დაუცველი ნამდვილად 5 000-ზე მეტია, ხოლო პროგრამაში მოხვედრის კრიტერიუმები არაა ნათელი, მთავარი კითხვა ჩნდება - ვინ ისარგებლებს ამ პროგრამით?“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი ხვალ გამოცხადდება. საყოველთაო დაზღვევის პროგრამით, საუბარია მედიკამენტების შეძენაზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის იმ კატეგორიისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულაც მაქსიმუმ 100 000-ია.