რა ქონებას ფლობს დედაქალაქის მთავრობის მილიონერი წარმომადგენელი ია მაქაცარია?

სამოქალაქო პლატფორის - „ახალი საქართველო“ და მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დედაქალაქის მთავრობის 4 მილიონერს შორის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია ლიდერობს.

აღნიშნულ თანამდებობაზე ია მაქაცარია-ჩხაიძის წლიური შემოსავალი 66 425 ლარი იყო.

გასული წლის 27 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ფლობს - 203.10 კვადრატული მეტრისა და 114.60 კვადრატული მეტრი ფართობის ბინებს თბილისში; ამავე მისამართზე მდებარე 67.40 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართსა და 18 კვ. მეტრის ავტოფარეხს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი „იაგუარი“.

დეკლარაციის შევსების მომენტში მაქაცარიას „თიბისი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე - 2 993.93 ლარი; „ვითიბი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე - 218 ლარი; „საქართველოს ბანკის“ მიმდინარეზე - 82.80 დოლარი; „ლიბერთი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე კი 10 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციის მიხედვით, ია მაქაცარიამ 2016 წელს 41 800 ლარად გაყიდა ავტომანქანა და ახალი ავტომობილი 159 615 ლარად შეიძინა. ამასთან, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მაქაცარია შპს „ქართული სულის“ პარტნიორია, თუმცა საწარმოს საქმიანობით წინა წელს შემოსავალი არ მიუღია.

დედაქალაქის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსს ჰყავს მეუღლე ზურაბ ჩხაიძე და შვილები - ალექსანდრე, ნიკოლოზ და კონსტანტინე ჩხაიძეები.

ზურაბ ჩხაიძე ფლობს 25 მიწის ნაკვეთს, აქედან ოცდაერთ - 175.167 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთს ყვარელში და ოთხ 5.214 მიწის ნაკვეთს კოჯორში. მასვე ეკუთვნის თბილისში მდებარე 18 კვადრატული მეტრი ფართობის ავტოფარეხი.

ზურაბ ჩხაიძე შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დირექტორია, რომლის საქმიანობითაც წინა წელს მისი შემოსავალი - 75 ათასი ლარი იყო; ის ასევე შპს „ქართული სულისა“ და შპს „ასკანელი ძმების“ პარტნიორია, თუმცა ამ საწარმოების საქმიანობით გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია.

ამასთან, შვილების სწავლის გადასახადის სახით ჩხაიძის წლიური გასავალი - 32 ათასი დოლარი; 9 300 ლარი და 4 ათასი ევრო იყო.