ნენსკრა ჰესის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში გასაჯაროვდა

სს „ნენსკრა ჰიდრო“ 27 აპრილს გამართულ საჯარო განხილვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა თბილისში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ანგარიში მოიცავს იმ დამატებითი კვლევების შედეგებს, რომლებიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპული საინვესტიციო ბანკის (EIB), კორეის განვითარების ბანკის (KDB), იტალიის საექსპორტო საკრედიტო სააგენტოს (SACE) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.

აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობა უზრუნველყოფს ნენსკრა ჰესის პროექტის არა მარტო ფინანსურ სტაბილურობას, არამედ გარემოსდაცვით და სოციალურ სფეროებში მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებას და ამასთანავე, ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას.

დამატებითი კვლევები საერთაშორისო და ადგილობრივმა კომპანიებმა განახორციელეს.

“ჩვენი მიზანია, ვიმუშავოთ გამჭვირვალეობის პრინციპებზე დაყრდნობით. დღევანდელი საჯარო განხილვით კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა ღია დიალოგს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რაც აუცილებელია სახელმწიფო მნიშვნელობის ისეთი ფართომასშტაბიანი პროექტის განსახორციელებლად, როგორიცაა ნენსკრა ჰესი», - აღნიშნა სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბიოუნგ სეუბ ჩოიმ.

სს „ნენსკრა ჰიდრო“ პროექტის განმახორციელებელი კომპანიაა, რომელიც კორეული სახელმწიფო კომპანია K-Water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის - ნენსკრა ჰესის მშენებლობა წარმოადგენს. ჰესი საქართველოს ყოველწლიურად 1.2 გიგავატ/სთ ელექტროენერგიას მიაწვდის, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.