ამანი-თბილისი-ამანის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ განხორცილდება

იორდანიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ხვალიდან დაიწყება. ამანი-თბილისი-ამანის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16:40 საათზე დაეშვება.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, იორდანიული დაბალბიუჯეტიანი (Low-cost) ავიაკომპანია „Air Arabia Jordan“ ამანი-თბილისი-ამანის მიმართულებით სეზონურ ფრენას იწყებს. უკვე დამტკიცებული განრიგის მიხედვით, „Air Arabia Jordan“ აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე გეგმავს. ავიარეისები კვირაში 2-ჯერ განხორციელდება.

მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში საქართველოს საელჩოსა და კომპანია „Air Arabia“-ს შორის 2016 წელს დაიწყო. მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში მას შემდეგ გადავიდა, რაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2017 წლის იანვრიდან იორდანიის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დაწესდა.

იორდანიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყების თაობაზე ავიაკომპანიასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის გამართული კონსულტაციები წარმატებით დასრულდა. სააგენტოსა და „Air Arabia Jordan“-ის წარმომადგენლების დასკვნითი შეხვედრა 14 მარტს გაიმართა. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა ავიაკომპანიას 24 მარტს მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ ამანი-თბილისის პირველი პირდაპირი რეისის სპეციალური სტუმარი იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გრიგორ ტაბატაძე იქნება.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისის დახვედრის ცერემონია გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია და "ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე დაესწრებიან.

ამანი-თბილისი-ამანის დაბალ ტარიფიანი მიმართულება საქართველოში ტურისტების ჩამოყვანასთან ერთად, იორდანიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ქართველი მგზავრების მოზიდვაზეც იქნება ორიენტირებული. პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებას, ინვესტიციების მოზიდვას და ტურიზმის განვითარებას.

„Air Arabia Jordan“ არაბული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Air Arabia“-ს ჯგუფის მმართველობაში მყოფი იორდანიული ავიაგადამყვანია, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა.