ხვალ საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება

თბილისში ხვალ საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება.

როგორც ეკონომიკის სამინისტროდან იუწყებიან, საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა ,,ფუნიკულირზე“ გაიმართება, რომელსაც საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს, ხოლო მოლდოვას რესპუბლიკის მხრიდან კი რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრი ვასილე ბიტკა. სხდომაში, ასევე, მონაწილეობას ორივე ქვეყნის სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები მიიღებენ.

მხარეთა შორის დიალოგის ამ ფორმატის შექმნაზე გადაწყვეტილება საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობებმა მიიღეს. კომისიის ფარგლებში დაგეგმილია „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის დაფუძნების შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერა.

სხდომის ფარგლებში, მხარეები ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს განიხილავენ. მათ შორის, ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ მდგომარეობას, საექსპორტო შესაძლებლობებსა და შემდგომი განვითარებისა და გაზრდის გზებზე იმსჯელებენ. ასევე, მიმოიხილავენ სამრეწველო, მათ შორის აგროსამრეწველო, კვების მრეწველობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას. სხდომაზე განიხილება ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ტრანსპორტი, ტურიზმი, ენერგეტიკის სექტორი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, გარემოს დაცვა, კულტურისა და განათლების საკითხები და სხვა.

სხდომის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია, „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერა.