შალვა თადუმაძე - ინფრასტრუქტურულ პროექტებს ექსპროპრიაციის შესახებ მოქმედი კანონიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები ექმნება

მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ექსპროპრიაციის შესახებ მოქმედი კანონიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები ექმნება და ამ მიმართულებით არსებობს გამოწვევები.

დღეს თადუმაძემ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი წარუდგინა. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა განმარტა, მოქმედ კანონს აქვს ბევრი შემოვლითი გზა და რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი შეჩერებულია იმის გამო, რომ ექსპროპრიაციის პროცესის ადმინისტრირება სწორედ ვერ ხდება.

“დღეს მოქმედი კანონმდებლობა 90-იან წლებში შეიქმნა და მისი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა იმდენად რთული იყო, რომ იურიდიულად სწორად ჩაითვალა, მომხდარიყო ახალი კანონის შემუშავება. ინიცირებული პროექტით, სტანდარტი უფრო აწეულია - არ არის ისე, რომ სახელმწიფომ რაღაც ქმედებები უფრო გაიიოლა. პირიქით, სახელმწიფომ ვალდებულება აიღო, სრულად იყოს გარანტირებული მესაკუთრის უფლებები ყველა იმ ხარჯის ნაწილში, რომელსაც მესაკუთრე გასცემს. მათ შორის სრულად მოხდეს ზიანის ნაწილში მესაკუთრეთა უფლებების გათვალისწინება და უზრუნველყოფილი იყოს, ეფექტური ოდენობის კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

პროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.