დღეიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Jordan საქართველოში ოპერირებას იწყებს

საქართველოს საავიაციო ბაზარზე დღეიდან ოპერირებას იწყებს იორდანიული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Jordan , - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება.

მათივე ცნობით, ამანი-თბილისი-ამანის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 16:40 საათზე დაეშვება, ხოლო ამანის მიმართულებით ავიაკომპანიის თვითმფრინავი 17:30 საათზე გაფრინდება.

„იორდანიული დაბალბიუჯეტიანი (Low-cost) ავიაკომპანია Air Arabia Jordan ამანი-თბილისი-ამანის მიმართულებით სეზონურ ფრენას იწყებს. უკვე დამტკიცებული განრიგის მიხედვით, Air Arabia Jordan აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 26 ოქტომბრამდე გეგმავს. ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

იორდანიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყების თაობაზე ავიაკომპანიასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის საააგენტოს შორის გამართული კონსულტაციები წარმატებით დასრულდა. სააგენტოსა და Air Arabia Jordan-ის წარმომადგენლების დასკვნითი შეხვედრა 14 მარტს გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს ახალ ავიამიმართულებაზე ოპერირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა ავიაკომპანიას 24 მარტს მიენიჭა.

ამანი-თბილისი-ამანის დაბალ ტარიფიანი მიმართულება საქართველოში ტურისტების ჩამოყვანასთან ერთად, იორდანიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ქართველი მგზავრების მოზიდვაზეც იქნება ორიენტირებული.

Air Arabia Jordan არაბული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia-ს ჯგუფის მმართველობაში მყოფი იორდანიული ავიაგადამყვანია, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა“, - აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.