თბილისში ტაქსების რეგულაცია მომავალ წლამდე გადაიდება. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, როდის დაიწყება ლიცენზირების პროცესი და არც სქემაა მზად, სადაც ზუსტად იქნება ყველა საკითხი გაწერილი.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სატრანსპორტო სფეროს ამ კუთხით რეგულირება შედეგს ვერ გამოიღებს და ტაქსების უმრავლესობა არალეგალურად იმოქმედებს.
მერიაში მიაჩნიათ, რომ ის ტაქსები, რომლებიც თბილისის ქუჩებში გადაადგილდებიან, უნდა აკმაყოფილებდნენ შესაბამის ნორმებს და იყვნენ ტექნიკურად გამართულნი. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მირიან ლებანიძემ "რეზონანსს" განუცხადა, რომ ამ მიმართულებით რეგულირების პროცესის დაწყება მიზანშეწონილია. მისი თქმით, ავტომობილი უნდა იყოს მუდმივად მწყობრში, ხოლო მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამებოდეს ნორმებს.
"ვფიქრობთ, ამგვარი რეგულაცია არ მოითხოვს განსაკუთრებულ პროცედურას და არც ისეთ თანხასთან არ იქნება დაკავშირებული, რასაც მძღოლები ვერ გაუმკლავდებიან. ეს არის ზოგადი მონახაზი. უფრო კონკრეტულად ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ იმიტომ, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როდის დაიწყება ტაქსების ლიცენზირება და არც სქემაა მზად, სადაც ზუსტად იქნება ყველა საკითხი გაწერილი", - განაცხადა ლებანიძემ.
კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა", "ეკო-ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მერიის ინიციატივა შედეგს ვერ გამოიღებს. ტაქსისტების უმრავლესობა "იატაკქვეშეთში" გადაინაცვლებს.
"მერიის ინიციატივას ტაქსების რეგულაციასთან დაკავშირებით იმთავითვე ეჭვის თვალით ვუყურებდი, რადგან დღეს ამ სფეროს ლიცენზირება არის შეუძლებელი. ამის არგუმენტად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის ქალაქები, სადაც რამდენიმე წელია, არსებობს ტაქსების რეგულირება (ლონდონი, პარიზი, ლოს ანჯელესი) და მკაცრი მოთხოვნები ჰქონდათ კომპანიების მიმართ. ტაქსი უნდა ყოფილიყო კონკრეტული მარკის, ფერის, ასევე აუცილებელი იყო შესაბამისი ჩაცმულობა, რასაც ითხოვდა ადგილობრივი თვითმმართველობა.
მას შემდეგ, რაც ტექნოლოგია განვითარდა, გაჩნდა ალტერნატივა აპლიკაციის სახით, რომელიც მობილურში იტვირთება და იქ რეგისტრირდება როგორც მომხმარებელი, ასევე ის ადამიანები, ვინც ამ სერვისს ახორციელებენ. ტაქსის რეგულაციაში ის აღარ ექცეოდა, რეგისტრირდებოდა ონლაინ პროგრამაში და მომხმარებელს შეეძლო ამ მხრივ ესარგებლა სატაქსო მომსახურებით.
ბაზარზე გაჩნდა ორი ალტერნატივა, ერთი მხრივ, სტანდარტული ყვითელი ტაქსები, რომლებიც იხდიდნენ გადასახადს, იღებდნენ ლიცენზიას, ხოლო მეორე მხრივ, ტაქსები, რომლებიც ელექტრონული აპლიკაციების მეშვეობით მუშაობდნენ და არანაირ რეგულაციას არ ექვემდებარებოდნენ. ისინი მომხმარებელს აწვდიდნენ გაცილებით იაფ სერვისს.
ამის გამო მათ პობლემები შეუქმნეს ლიცენზირებულ ტაქსებს და, ფაქტობრივად, გააკოტრეს ისინი. ბევრ ქალაქში მიიღეს გადაწყვეტლება და ტაქსის კომპანიები გაათავისუფლეს გადასახადებისგან, რათა ჯანსაღი და თანაბარი ბიზნეს გარემო ყოფილიყო. დერეგულაციისკენ წავიდნენ ისეთი დიდი ქალაქები, რომლებიც ეკონომიკურად ძლიერები არიან.
ამ ფონზე თბილისის მერიამ ახლა დაიწყო ტაქსების რეგულაციაზე ფიქრი, რაც შეუძლებელია. ანალოგიური მოხდება თბილისში, რაც უცხოეთში მოხდა. ტაქსების უმეტესობა გადაინაცვლებს იატაკქვეშ", - განუცხადა "რეზონანსს" ურუშაძემ და იმ რეკომენდაციებზეც ისაუბრა, რომელიც მერიას შესთავაზეს ტაქსების ლიცენზირების სანაცვლოდ.
"თუ მერიას სურს, ქალაქში გაჩნდეს სატაქსო კომპანიები და გამართული მანქანები, უნდა დააწესოს კონკრეტული მოთხოვნა ავტომობილის ვიზუალზე და გამართულობაზე, თუმცა ისინი უნდა გაათავისუფლოს გადასახადებისგან. მათ დამატებითი მომსახურებაც უნდა შესთავაზოს, უფასო კურსები კვალიფიკაციის ასამაღლებლად მძღოლებისთვის და ა. შ. ასეთი მიდგომით ქალაქში სატაქსო კომპანიების რიცხვი მოიმატებს. რეალურად, წელს რომ არ მოხდეს მათი რეგულირება და მომავალი წლისთვის გადაიდოს, ვფიქრობ, მაინც არ გაამართლებს ეს ინიციატივა", - აღნიშნა ურუშაძემ.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"