საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა მშენებლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (GIAC) სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” კერძო დავების გადაწყვეტის მექანიზმის შესახებ მშენებლებს ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული ცენტრის ხელმძღვანელი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო არბიტრაჟის ინსტიტუტის შესახებ ცნობადობის ამაღლება და მისი გამოყენებით დავების გადაწყვეტის უპირატესობების წარმოჩენა.

ღონისძიება ორმხრივი დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ პრაქტიკული რჩევები ბიზნეს დავების გადაწყვეტის საკითხებთან დაკავშირებით, სამშენებლო სფეროს მიმართულებით.

შეხედრაზე განიხილეს არბიტრაჟში დავის განხილვის თავისებურებები საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მაგალითზე. ღონისძიება სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელებისთვის იყო განკუთვნილი.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის მიზანი არბიტრაჟის ცნობადობის ამაღლება იყო. მისი თქმით, აღნიშნული ინსტიტუტი არის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასამართლოს განტვირთვას.

”ასეთი ტიპის საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებობს, ქვეყანაში უპრეცედენტოა, რადგან ეს არის არამომგებიანი იურიდიული პირი, დაარსებულია საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის მიხედვით. ასეთი ხარისხის ინსტიტუციის შექმნა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საინვესტიციო გარემოსთვის, ასევე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის კუთხით. დღევანდელი შეხვედრა ამ ინსტიტუტის ცნობადობის ამაღლებისთვის გაიმართა. ასევე, იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიებმა, დღევანდელ შემთხვევაში, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა მაქსიმალურად ჩადონ ხელშეკრულებებში და გამოიყენონ ამ ტიპის დავების გადაწყვეტის მექანიზმი თავიანთ საქმიანობაში უცხოელ პარტნიორებთან", - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული იყო.

”დღევანდელი დიალოგი საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა, ვინაიდან სამშენებლო კომპანიების მწარმოებელი, იმპორტიორი და საექსპერტო დაწესებულებების წარმომადგენლებმა შეძლეს დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები, მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ გზაზე. ვფიქრობ, რომ ისინი აქტიურად ჩაერთვებიან ამ რეფორმაში”, - განაცხადა ანა საბახტარიშვილმა.

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი სავაჭრო-სამრეწველო პალატამ 2013 წელს დააფუძნა. იდეა საერთასორისო პრაქტიკიდან გამომდინარე გაჩნდა. ორგანიზაციის შექმნამდე ამ საკითხზე აქტიურად იმუშავეს პალატისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ასევე, საარბიტრაჟო ცენტრის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი როლი სამუშაო ჯგუფმა ითამაშა, რომელიც როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. საქმიანობის განხორციელების პროცესში საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი სავაჭრო-სამრეწველო პალატისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია. ცენტრის წესების შემუშავება წამყვანი საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი კომისიის წევრების მიერ მოხდა.