თბილისის მიკროავტობუსების მფლობელი კომპანიებისთვის ერთ სამარშრუტო ტაქსზე ნებართვის გაცემის ფასი 50 ლარიდან 15 ლარამდე შემცირდა

თბილისის მიკროავტობუსების მფლობელი კომპანიებისთვის ერთ სამარშრუტო ტაქსზე ნებართვის გაცემის ფასი 50 ლარიდან 15 ლარამდე შემცირდა, - ამ საკითხის განხილვას თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კამათი მოჰყვა.

სხდომაზე ითქვა, რომ თბილისის მიკროავტობუსის მფლობელმა ოთხმა კომპანიამ მერიას თხოვნით მიმართა, ლარის კურსის გაუფასურებისა და საწვავზე ფასების გაზრდის გამო, თითოეულ სამარშრუტო ტაქსზე ნებართვის გაცემის ფასი 50 ლარიდან 15 ლარამდე შეემცირებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მგზავრობის 80-თეთრიანი ტარიფის გაზრდას გამოიწვევდა. საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხს მხარი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს. ისინი აცხადებენ, რომ ამით თბილისის ბიუჯეტის შემოსავლები 2 450 000 ლარით შემცირდება. არსებული რეგულაცია კი ძალაში 3 წლის ვადით იქნება.

„2010 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად, თბილისის მიკროავტობუსს შეეძლო ნებისმიერ დროს გაეძვირებინა ტარიფი. ამისთვის საჭირო იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი დღით ადრე წერილობით ეცნობებინა მერიისთვის ტარიფის გაძვირების შესახებ. მათ შეეძლოთ დამოუკიდებლად ნებისმიერი ცვლილება განეხორციელებინათ ამ კუთხით. ახალი რეგულაციით, თბილისის მიკროავტობუსს ჩამოერთვა ეს ნებართვა იმისთვის, რომ თბილისის მოსახლეობამ ერთ მშვენიერ დღეს არ ნახოს ახალი სამგზავრო ტარიფი და ამას სტიქიური სახე არ ჰქონდეს. ტარიფის რეგულირება მერიის კომპეტენციაში გადმოვიდა. მოხდა თბილისის მერიასა და თბილისის მიკროავტობუსს შორის შესაბამისი შეთანხმება და ამიერიდან თბილისის მერია და საკრებულო განსაზღვრავს ტარიფს, რათა თბილისელებს მიკროავტობუსით მგზავრობა არ გაუძვირდეთ. თუ ეს ცვლილება არ განხორციელდებოდა, თბილისის მიკროავტობუსს ნებისმიერ შემთხვევაში შეეძლო გაეძვირებინა მგზავრობა”, - განაცხადა საკითხზე კომენტირებისას თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამ.

საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, მარიკა დათუკიშვილის თქმით კი, მათთვის გასაგებია, რომ მგზავრებს არ გაეზრდებათ სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობის გადასახადი, მაგრამ მარიკა დათუკიშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერიამ ნებართვის გაცემის ფასის შემცირებით, კერძო ბიზნესს ლობირება გაუწია.