მარტში კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 143.1 მილიონი ლარით გაიზარდა

2017 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 143.1 მილიონი ლარით გაიზარდა და 18.40 მილიარდ ლარს გაუტოლდა.

როგორც ეროვნული ბანკის გასული თვის მიმოხილვაშია აღნიშნული, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 17.7% შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 12.6% იყო.

საკრედიტო პორტფელის ზრდა მთლიანად ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების წილად მოდის. მარტში განსაკუთრებით აქტიური იყო ე.წ. სესხების გალარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 70 მილიონი დოლარის ოდენობის სესხები გალარდა.

შესაბამისად მარტში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდაზე აღნიშნულმა პროგრამამაც იმოქმედა. მარტის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 81.2% გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 65.2% უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 39.1%-ს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, წინა თვეში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 694.2 მილიონი ლარით (10.5%-ით) გაიზარდა და 7.30 მილიარდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი მარტში 26.8 მილიონი დოლარით (0.6 პროცენტით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.67 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ამ კატეგორიის კრედიტების 57.1%-ს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 85.4% გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. 60.0%-ს შეადგენს სესხები უცხოური ვალუტით. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად იურიდიული პირების გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული.