საჯარო მოხელეებს 1 ივლისიდან მოხელის კლასი მიენიჭებათ და საკლასო დანამატსაც მიიღებენ

მთავრობამ პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესი დაამტკიცა.

დადგენილება მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

საჯარო მოხელეს მოხელის კლასი ენიჭება მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ მოხელის კლასი მუდმივად ნარჩუნდება და მისი ჩამორთმევა დაუშვებელია. დადგენილების თანახმად, მოხელის კლასების საერთო რაოდენობა 12-ია, სადაც პირველი კლასი არის ყველაზე დაბალი კლასი, ხოლო მე-12 – ყველაზე მაღალი კლასი.

რაც შეეხება შეფასებას, მოხელეს მოხელის კლასი პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მიენიჭება – საუკეთესო შეფასებით 2 წელიწადში ერთხელ, ხოლო მინიმუმ კარგი შეფასებით – 3 წელიწადში ერთხელ; მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით – საუკეთესო შეფასებით წელიწადში ერთხელ, მინიმუმ კარგი შეფასებით – 2 წელიწადში ერთხელ.

მოხელის კლასის მინიჭების წესის თანახმად, 1 ივლისამდე მინიჭებული საჯარო მოხელის საკლასო ჩინები შესაბამის კლასებს გაუთანაბრდება.

კერძოდ, როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, საჯარო მოხელის საკლასო ჩინები მოხელის კლასებს შემდეგი შესაბამისობით გაუთანაბრდება: ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი – მე-12 კლასი; პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი – მე-11 კლასი; სახელმწიფო მრჩეველი – მე-10 კლასი; პირველი კლასის მრჩეველი – მე-9 კლასი; მეორე კლასის მრჩეველი – მე-8 კლასი; მესამე კლასის მრჩეველი – მე-7 კლასი; საჯარო სამსახურის პირველი კლასის მრჩეველი – მე-6 კლასი; საჯარო სამსახურის მეორე კლასის მრჩეველი – მე-5 კლასი; საჯარო სამსახურის მესამე კლასის მრჩეველი – მე-4 კლასი; საჯარო სამსახურის პირველი კლასის რეფერენტი – მე-3 კლასი; საჯარო სამსახურის მეორე კლასის რეფერენტი – მე-2 კლასი; საჯარო სამსახურის მესამე კლასის რეფერენტი – პირველი კლასი.

აღსანიშნავია, რომ მოხელის კლასი არ მიენიჭება იმ მოხელეს, რომელიც დანიშნულია გამოსაცდელი ვადით, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ კი, მოხელეს მოხელის კლასის მინიჭებისას, გამოსაცდელი ვადა სამსახურის სტაჟში ჩაეთვლება.

მოხელეს, რომელსაც მოხელის კლასი მიენიჭა, ეძლევა თანამდებობრივი სარგოს დანამატი – საკლასო დანამატი. რომლის ოდენობასა და მის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წესრიგდება.

„მოხელეს საკლასო დანამატი ეძლევა საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. ასევე: სხვა საჯარო დაწესებულებაში ან/და იმავე საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობაზე გადასვლისას; საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადაყვანისას. ხოლო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შემთხვევაში, მოხელეს საკლასო დანამატი არ ეძლევა“, - ნათქვამია დადგენილებაში.