გიორგი კვირიკაშვილი - ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ოდენობის უცხოური ინვესტიცია, ხოლო უმუშევრობის დონე დაეცა

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ხოლო უმუშევრობის დონე დაეცა , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა აშშ-ის საელჩოს ყოფილ შენობაში შეკრებილ სტუმრებს, საქართველოს მიერ 25 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამ პროგრესში ამერიკელ პარტნიორებს უდიდესი წვლილი მიუძღვით.

”ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც შეადგენს თითქმის 4 მილიონს და რომელსაც აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი; ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა; ჩვენ გვაქვს თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს რწმენა; მსოფლიო ბანკის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით; ჩვენ აღმოვფხვერით კორუფცია; ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ხოლო უმუშევრობის დონე დაეცა;

მსოფლმხედველობისა და ზოგადად, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ თანამედროვე დასავლური სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს მჭიდრო და მტკიცე ურთიერთობები აშშ-თან, ევროკავშირსა და ნატო-სთან და ჩვენი მიზანია ამ ორ ორგანიზაციაში შესვლა.

საქართველომ გადადგა უდიდესი ნაბიჯები ინსტიტუციური გამჭვირვალობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების გზაზე. ჩვენ ერთად ჩავუყარეთ საფუძველი დემოკრატიას ამ ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ბიზნესგარემო მსოფლიოში. საქართველო განლაგებულია აზიასა და ევროპას შორის. ჩვენ გავხდით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძი აბრეშუმის გზის გაყოლებაზე, ვაკავშირებთ რა ერთმანეთთან ქვეყნებს პეკინიდან ბრიუსელამდე”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.